15 წლის დაჭრილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
ის ამ დროისთვის იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და დამატებითი გამოკვლევები უტარდება.
„გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. შემდგომი მკურნალობის მონიტორინგისათვის მოზარდი გადაყვანილია ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. მას კიდევ წინ მკურნალობის მრავალი ეტაპი აქვს გასავლელი. გოგონას უნდა ჩაუტარდეს შარდის ბუშტის, ნაწლავის რეკონსტრუქცია და ა.შ“, – განუცხადა knews.ge-ს სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა ზაზა კოპლატაძემ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად 15 წლის გოგონა დაიჭრა. უბედური შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გამგებლის წარმომადგენელმა მატნის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით მამუკელაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ მეზობელს თოფი შემთხვევით გაუვარდა. მამუკელაშვილი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას გამორიცხავს.
სხეულის მრავლობითი მძიმე დაზიანებებით მოზარდი გადაიყვანეს ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალში, სადაც მას 4 საათის განმავლობაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტრადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვლაზე დააკავა. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.