ახალი ამბები

ახმეტის გამგეობამ ვერტმფრენის მომსახურება 70 000 ლარად იყიდა

 გამგეობაში აცხადებენ, რომ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ავია კომპანია „თუშეთი“, ახმეტა-თუშეთი-ახმეტის მიმართულებით, წლის განმავლობაში, 4 ფრენას განახორციელებს. სატენდერო პირობების თანახმად, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს არანაკლებ 22 ადამიანის გადაყვანა ბარგთან ერთად. თითოეულ მგზავრზე განსაზღვრულია არანაკლებ 20 კგ. ბარგი. 
„ვერტმფრენის მომხაურება თავად თუშეთის მაცხოვრებლებმა მოითხოვეს. ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდა ერთადერთი ავიაკომპანია „თუშეთი“. ტენდერის გამარჯვებული სწორედ ის გახდა. პირობების მიხედვით, ავიაკომპანია, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მაღალმთიანი თუშეთის მიმართულებით 8 საათანახევარი უნდა იფრინოს. აქედან გამომდინარე წლის განმავლობაში სულ 4 ფრენა უნდა განახორციელოს“, – განუცხადა knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემ. 
ბექა ბაიდაურის უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვერტმფრენის მომსახურებას, 2008 წლიდან, მოსახლეობისთვის პროდუქტების მისაწოდებლად და მათი ტრანსპორტირების მიზნით ყიდულობს.