ახალი ამბები

კახეთში გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა

მისივე განცხადებით, ბოლო კვირის მანძილზე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში 6992-მა მოქალაქემ მიმართა ექიმს. აქედან გრიპის მაგვარი დაავადებების მქონე პაციენტების მიმართვიანობამ 988-ს მიაღწია. თელავში დაფიქსირდა 375 შემთხვევა. 
,,რეგიონში პაციენტების მომართვიანობის რიცხვმა მოიმატა. მაგალითად 2 კვირის წინ თუ ეს მაჩვენებელი თელავის მასშტაბით შეადგენდა 188-ს, მიმდინარე კვირაში გვაქვს 375 შემთხვევა. დღეისათვის კახეთის რეგიონში გრიპის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები არ გვაქვს”, – განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა. 
წინა კვირას გურჯაანსა და თელავში სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა 2 მამაკაცი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილების ინფიცირება (H1N1) ვირუსით ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, “საავამდყოფოში შესვლისთანავე პაციენტების მდგომარეობაიყო საკმაოდ მძიმე და მათ აღენიშნებოდათ თანმხლები დიაბეტი. გარდაცვალების დიაგნოზი იყო სუნთქვის უკმარისობა, თუმცა რამ გამოიწვია ეს ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. 
გურჯაანში არის კიდევ ერთი შემთხვევა, ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა პნევმონია, გადაიყვანეს თბილისში. არ ვიცით, ამჟამად როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მინდა განმარტო, რომ ღორის გრიპის (H1N1) სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. განსხვავება მცირეა, ამიტომ ყველამ დროულად უნდა მიმართოს ექიმს. ვირუსის ახალ ტალღას ველოდებით თებერვალში. 
ჩემი რეკომენდაცია, რომ გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე დროულად მიმართონ ექიმს. სველი წესით დაალაგონ ოთახები, დღეში ორჯერ გაანიავონ სახლი, ხელები კარგად დაიბანონ და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მაშინ, როდესაც აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, ატარონ პირბადე“, – განაცხადა ხიზანიშვილმა. 
მისივე განმარტებით, იმ შეთხვევაში თუ პაციენტს გრიპის სიმპტომები აღენიშნება, მოერიდოს თვითმკურნალობას და მიმართოს ექიმს.
შეგახსენებთ, რომ ღორის გრიპმა საქართველოში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.