ახალი ამბები

თელავის ისტორიულ ჭადარს რეაბილიტაცია გაზაფხულზე ჩაუტარდება

 თელავის ვიცე მერის თენგიზ მთვარელიშვილის ინფორმაციით, გაზაფხულზე, მარტის შუა რიცხვებში, გერმანელი სპეციალისტი დეტლერ კოხი 5 კაციან ჯგუფთან ერთად ქალაქში ჩამოვა, ჭადრის მდგომარეობას დეტალურად შეისწავლის და ხის სიციცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავს. 
„ჭადარი 900 წელზე მეტი ხნისაა და მისი კვდომის პროცესი დაიწყო. ჩვენი მიზანია, მისი სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ. შესაბამისად ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ ხე რაც შეიძლება მაღალპროფესიულად შეისწავლონ და შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდეს. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ჩავედი და შევხვდი მაღალი დონის ექსპერტ-სპეციალისტს, ბატონ დეტლერ კოხს, რომელთანაც, ჩვენს დაძმობილებულ ქალაქ ბიბერახთან ერთად, მოლაპარაკება ვაწარმოეთ და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. მარტის შუა რიცხვებში ბატონი დეტლერი 5 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვა. ისინი პირველ ეტაპზე მოახდენენ ვარჯის ფორმირებას, რომ ხემ ამოისუნთქოს. სპეცილისტები ჩამოიტანენ რენდგენის დანადგარს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სრული იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რათა ეგექტურად დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ნაბიჯები“, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა. 
მისივე განცხადებით, ჭადრის ხის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე 35 000 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებისათვის განსაზვრული თანხის 90%-ს ქალაქი ბიბერახი გადაიხდის და თელავის მუნიციპაიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან კი 5000 ლარი გამოიყოფა.