თეთრიწყლებში მცხოვრებ 180 პირს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი მიენიჭა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, სოფელ თეთრიწყლების მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ არაბულის განცხადებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი პირველ ეტაპზე მიენიჭათ სოციალურად დაუცველ პირებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მაღალმთიან დასახლებაში.
,,პირველ ეტაპზე სოფელში მცხოვრებ 180 პირს მიენიჭა ეს სტატუსი, მეორე ეტაპზე მოხდება სხვა მოსახლეების განაცხადების მიღება აღნიშნინული სტატუსის მისაღებად. ამისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც მიმართვის საფუძველზე შეისწავლის განცხადებებს და პირს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსს მიანიჭებს. მთლიანად თეთრიწყლების თემში 400-მდე მოსახლე ცხოვრობს”, – განუცხადა knews.ge-ს ვასილ არაბულმა.
მისივე განმარტებით, მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები შეაჩერებს მოსახლეობის მიგრაციას თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულიდან.
“აქამდე სოფელი თითქმის დაცლილი იყო, ახალგაზრდები სხვაგან მიდიოდნენ საცხოვრებლად, ამ კანონის ამოქმედება კი ხელს შეუწყობს ადგილობრივს, დარჩეს თავის სოფელში და საკუთარი საქმე აკეთოს. პირები, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ, ბევრი შეღავათებით ისარგებლებენ”,- აღნიშნა არაბულმა.

