ახალი ამბები

გენდერული კვოტის შესახებ საინფორმაციო კამპანია „პოლიტიკაSHE” იწყება

საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 12% – ია ქალი, ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალები მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილი; 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი ქალია; ქვეყნის არცერთი მერი და გუბერნატორი არ არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქალების წარმომადგენლობის დაუყოვნებელი გაზრდისათვის აუცილებელია დროებითი სპეციალური ზომა – გენდერული კვოტა, რომელიც პალიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პარტიულ სიებში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას, რაც გაზრდის ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას და შეამცირდებს გენდერულ დისბალანსს.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი, ხვალ, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსიას გამართავს თემაზე „ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და სავალდებულო გენდერული კვოტა“. შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ უახლეს კვლევებსა და გენდერული კვოტების მნიშვნელობას. დამსწრე საზოგადოება ისაუბრებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ გამოცდილებასა და იმ დაბრკოლებებზე, რომელთა გადალახვაც ხშირად უხდებათ პოლიტიკაში ჩართვის მსურველ ქალებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, გაზარდოს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში. გაეროს „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ კომიტეტის მიერ შემუშავებული 2014 წლის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ შემდგომი ორი წლის ვადაში პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში ქალთა სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.