ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ლაგოდეხში დაკარგული მონადირეების ნათესავებს შეხვდნენ

ისინი რამდენიმე კვირის წინ მთებში დაკარგული სამი მონადირის – ლევან ჯალალოვის, ავთანდილ და დავით სამხარაძეების მშობლებსა და ნათესავებს შეხვდნენ. შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილეებმა დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს სამძებრო სამუშაოების მიმართულებით ამ დროისთვის არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და დაკარგულების გადაადგილების მარშრუტსა და სავარაუდო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მათი მოსაზრება მოისმინეს.
მინისტრის მოადგილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაკავებული არ ყოფილა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დაკარგული მონადირეების დაღეტანში ყოფნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ჩვენ შევხვდით დაკარგული მონადირების ოჯახის წევრებს, გავაცანით მათ არსებული ვითარება და მივაწოდეთ ის ინფორმაცია რაც გვაქვს, ვესაუბრეთ იმ სამუშაოებზე რასაც ჩვენ ვეწევით მათ მოსაძებნად. მონადირეების ოჯახის წევრებმა მოგვაწოდეს თავისი აზრიც. ჩვენ ძებნის ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ისინი ვიპოვოთ”,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.