ახალი ამბები

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებიდან 30-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

უწყებაში განმარტავენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფილიალების ხელმძღვანელებისთვის და მთავარი იურისტებისთვის ჩატარებული ატესტაცია გახდა.
Knews.ge-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მათ არ აქვთ მონაცემები კახეთის რეგიონში რამდენ თანამშრომელს შეუწყდა უფლებამოსილება, თუმცა ადასტურებენ, რომ რაიონული ფილიალებიდან გარკვეული რაოდენობის პირები დაკავებული თანამდებობებიდან დეკემბრის ბოლოდან გათავისუფლდნენ.
სოციალური მომსახურების სააგენტო ატესტაციას თანამშრომლებისთვის ეტაპობრივად ატარებს და იმ პირებს, რომლებიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვას ვერ ახერხებენ, შრომითი ხელშეკრულება ავტომატურად უწყდებათ. 
,,ფილიალების ხელმძღვანელებისა და მთავარი იურისტებისთვის ჩატარდა ატესტაცია, აქ განსაკუთრებული არაფერია. ატესტაცია ეტაპობრივად ტარდება ჩვენთან და ის პირები, რომლებიც დაბალ ქულებს იღებენ თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან. ახლაც ასე მოხდა. ისინი, ვინც მაღალი ქულები მიიღეს, აგრძელებენ მუშაობას, ხოლო დანარჩენებს შეუწყდათ უფლებამოსილება”,- განუცხადეს knews.ge-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
გათავისუფლებული თანამშრომლები კი ამ ეტაპზე საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებენ და პირად საუბარში ამბობენ, რომ უახლოეს ხანში ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.