ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უმრავლესობამ გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პარლამენტი გიორგი კვირიკაშვილს ნდობას გამოუცხადებს.
“მე მინდა, გიორგი კვირიკაშვილის წარმატებები ვუსურვო. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა ჩვენს საერთო, კოალიციურ კანდიდატად. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მას ნდობას გამოუცხადებს და იგი ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კიდევ უფრო წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებას არ გამორიცხავს. კვირიკაშვილმა განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს”, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.