ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თელავში ოფისს გახსნის

ორგანიზაციაში სტაჟირებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც გაივლიან. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა თესაუს სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. გიგაურმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ხელმისაწვდომი ღია მონაცემების პლატფორმების შესახებ და ყურადღება გაამახვილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ სტაჟირების შესაძლებლობაზე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში არიან ახალგაზრდები, რომლებიც გააკონტროლებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველგან და მათ შორის რეგიონებშიც არიან ადამიანები, რომლებიც მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებენ. დღეს არსებობს ძალიან ბევრი ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად შესაძლებელი იქნება აწარმოონ გამოძიების მსგავსი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებთან. თავიანთი კარიერის განმავლობაში მათ ეს უნდა განახორციელონ. ჩვენ სტუდენტებს ორგანიზაციის საქმინოაბის შესახებაც მივაწოდეთ ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ 15 დღის იუბილე იზეიმა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ამ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რას ვაკეთებთ“, – განუცხადა knews.ge-ს ეკა გიგაურმა. 
„საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველო“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობა და გაძლიერება, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.