ახალი ამბები

მე-11 კლასელი ანა ზირაქაშვილი გურჯაანის ეტალონი მოსწავლე გახდა

ინტელექტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 22-მა საჯარო სკოლამ. ქალაქ გურჯაანის # 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ანა ზირაქაშვილმა მოიპოვა ეტალონი მოსწავლის სტატუსი მოიპოვა. მან ფინალური ეტაპისათვის მომზადება უკვე დაიწყო და იმედოვნებს, რომ გაიმარჯვებს. 
“ძლიერი კონკურენტები მყავდა. დაძაბული თამაში იყო, თავიდან გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ძალა მოვიკრიბე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გურჯაანის მასშტაბით ეტალონის სტატუსი მოვიპოვე. ამ პროექტში გამარჯვებით ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ყველაზე დიდი წარმატებაა, რისთვისაც აქამდე მიმიღწევია. ვფიქრობ, რომ ფინალურ თამაშში სერიოზულ სირთულეებს წავაწყდები. კონკურენცია გაცილებით მაღალი იქნება, ამიტომ განსაკუთრებულად მომზადება უკვე დავიწყე. იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც გავიმარჯვებ“, – განუცხადა knews.ge-ს ანა ზირაქაშვილმა. 
“საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის” ფარგლებში, გადაცემა “ეტალონის” შემოქმედებითი გუნდი რეგიონებს ესტუმრება და ყველა მუნიციპალიტეტის “ეტალონ მოსწავლეს” გამოავლენს. 2016 წლის 21 მაისს კი ქალაქ თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება ფინალი, სადაც საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული ეტალონი მოსწავლლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
„ეტალონი“ სატელევიზიო პროექტია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები. პროექტს ახორციელებს “ეტალონის” შემოქმედებითი გუნდი.
მისი მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო.