დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებაა
გადმოცემის თანახმად, წმინდა ეკატერინე ალექსანდრიაში ცხოვრობდა და სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო გათხოვებისა. როდესაც ახლობლებმა დაჟინებით დაუწყეს საუბარი ქორწინებაზე, მან განაცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა. ეკატერინეს დედა ფარული ქრისტიანი იყო. მან შვილი ქალაქის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში მოღვაწე მოძღვართან რჩევა-დარიგების მისაღებად მიიყვანა. ბერმა ეკატერინეს უთხრა, რომ მას შეეძლო მისთვის გაეცნო ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე აღმატებული იქნებოდა გვარიშვილობით, სიმდიდრით, სილამაზით და სიბრძნითაც და მას ქრისტეს მოძღვრების შესახებ უამბო. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. რამდენიმე ხნის შემდეგ ეკატერინე გულმხურვალე ქრისტიანი გახდა. მას სიზმარში ქრისტე გამოეცხადა და უბოძა ძვირფასი ბეჭედი, რომელიც გამოღვიძებულ ქალწულს ცხადშიც თითზე ეკეთა. მალევე ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინე ჩავიდა. მას სურდა, მოეწყო დღესასწაული და ბრძანა, გარშემო ქალაქებიდან და მხარეებიდან მსხვერპლის შესაწირად მისი ქვეშევრდომები შეკრებილიყვნენ, რათა კერპებისადმი თაყვანისცემა სახალხოდ გამოეხატათ. მსხვერპლის შესაწირად შეიკრიბა უამრავი ადამიანი. წმ. ეკატერინემ იმპერიის მთავარ ქურუმებსა და იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ამხილა იმპერატორი. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმიანეს ბრძანებით, 305-313 წლებში წმინდა ეკატერინეს თავი მოკვეთეს. როდესაც ჯალათმა ეკატერინეს თავი მოჰკვეთა, ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოვიდა. მისი პატიოსანი ნაწილები ანგელოზებმა გადააბრძანეს სინას მთაზე.
ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს. მოწამე ქალწულის თავი და მარცხენა ხელი სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერშია დაბრძანებული.
წმიდა დიდმოწამემ ქრისტიანობაზე მოაქცია 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი, რომლებიც, ქრისტიანობის გამო, იმპერატორის ბრძანებით ცეცხლში დაწვეს. წმინდა ეკატერინე ორსულთა და მშობიარეთა შემწედ ითვლება.