ახალი ამბები

დღეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია

 ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება 12 დღესასწაულს შორის ერთ-ერთი უდიდესია. 
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა. უფალმა შეისმინა წმ. ანას ლოცვა. მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული – მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.

სამი წლის განმავლობაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს. წმინდა გარდამოცემაში შემონახულია ყოვლადწმიდა ქალწულის ტაძრად მიყვანების დაწვრილებითი ცნობები. ამ დღეს წმინდა იოკამე და ანას სახლში ნათესავები, მეგობრები და მეზობლები შეიკრიბნენ. ყრმა მარიამს სადედოფლო შესამოსელი ჩააცვეს. ნაზარეთიდან იერუსალიმში ჩასასვლელად მათ სამი დღე იარეს. წინ ქალწულთა გუნდი მიუძღოდათ, უკან კი ნათესავები და მეზობელები მიჰყვებოდნენ ანთებული ლამპრებით ხელში. მესამე დღეს, განთიადის ჟამს, შევიდნენ იერუსალიმში. ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამა, მღვდელმთავარი ზაქარია, რომელიც ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი იყო. ყრმა მარიამმა დაუხმარებლად აირბინა კიბის თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. წმინდა თეოფილაქტე ბრძანებს, რომ მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, მიხვდა, რომ ყრმა მარიამი იყო ღვთის მადლის სამკვიდრებელი და მასზე უფრო ღირსეული, გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდათა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული. ის მიხვდა, რომ ეს წმინდა ქალწულზე იყო ნათქვამი. წმინდა მღვდელმთავარმა ყოვლადწმიდა ქალწული წმინდათა წმინდათაში შეიყვანა. ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები, რადგან ეს დღე „განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება“. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.