მწერლები დუისელ ახალგაზრდებს შეხვდნენ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში, “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” მიწვევით გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, დუისის საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები, ალბომები და ლიტერატურული ჟურნალები გადაეცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას 500 წიგნი ჩაუტანა.
“ცოცხალი წიგნები” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში, სამხედრო ნაწილებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 120-ზე მეტი შეხვედრა, გაიმართა პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლებმა აწარმოეს დღიურები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა წიგნი “მწერლის დღიურები”, –აცხადებენ სამინისტროში.