ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა
სხდომის დახურვის მიზეზი პროკურორის შუამდგომლობა გახდა. სახელმწიფო ბრალმდებელმა განმარტა, რომ საქმის განხილვის დახურვა აუცილებელი იყო, რადგან სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული ცენტრის ორი თანამშრომელი იაშარ სულეიმანოვი და დავით გომელაური უნდა დაიკითხოს. პროკურორის ვარაუდით, შესაძლოა, მოწმეებმა საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერონ.
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული აიუფ ბორჩაშვილის და მასთან დაკავებული სამი პირის საქმის განხილვა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გუშინაც დაიხურა. შუამდგომლობის საფუძვლად კვლავ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების დაკითხვა დასახელდა.
2015 წლის 14 ივნისს შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯოყოლოს ყოფილი იმამი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მათ სირიაში აგზავნიდა. შსს- ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილმა თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტის და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბულში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდნენ.
შსს–ს ცნობით, აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს გიორგი კუპრავა, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს კი გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ირისებია დააპატიმრეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირებიც ბორჩაშვილის ორგანიზებით მიემგზავრებოდნენ თურქეთის მიმართულებით, საიდანაც სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადავიდოდნენ.
ჯოყოლოს ყოფილ იმამს აიუფ ბორჩაშვილს ბრალი აქვს წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე პრიმა და 328-ე მუხლებით, ხოლო აღნიშნული სამი პირის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს 328-ე მუხლით. 327-ე პრიმა მუხლი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის სხვა პირების გადაბირებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 328–ე მუხლი კი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს და საჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.