თელავში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თელავი შეუერთდა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერ აქციას „აირჩიე თანასწორობა! რომელიც საქართველოს 8 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა.
თელავის გენდერის მედიაცენტრის, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტიურმა ახალგაზრდებმა საინფორმაციო ფლაერები გაავრცელეს, აქცია მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
თელავის გენდერის მედიაცენტრის დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, კამპანიის ფარგლებში თელავის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქალთა უფლებებს, მათ შორის, ქალთა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს. .
,,გარდა საინფორმაციო აქციისა, თელავის„ მედია კაფეში“ ჩატარდა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაუწიონ თელავის მერიიას მხარი დაუჭიროს გენდერული მრჩევლის პოზიციის შექმნას მერიის სტრუქტურაში. ამვე დროს, იმსჯელეს ბიუჯეტირების პროცესში გენდერული საკითხების დაყენებაზე.
„ეს არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას, თუ მერია ინიციატივას მხარს დაუჭერს, გენდერული მრჩეველი იქნება ერთ ერთი ხელშემწყობი რგოლი გენდერული თანასწორობის საკითხების დასაყენებლად. ”- განუცხადა knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა.
აქციის ორგანოზატორების თქმით, ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 ქალი (12%) და ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით. მათივე თქმით, საკრებულოებში არჩეულ 2083 წევრს შორის, ქალი მხოლოდ 246–ა (11.8%), 59 მუნიციპალიტეტიდან კი მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებელია ქალი.
„მაშინ, როდესაც ქვეყნის ამომრჩეველთა 53% არის ქალი, ეს ყველაფერი იწვევს უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერი ღონისძიებები ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ინიციატივით საქართველოს 8 ქალაქში ერთდროულად გაიმართა.