ახალი ამბები

როგორია ევროპასთან ასოცირების შეთანხმების შედეგები საქართველოსთვის

ინტერნეტ გამოცემა eugeorgia.info-ს მკვლევარის, ზურაბ მოდებაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია თითოეულ ფერმერს, მცირე მეწარმეს თუ საოჯახო მეურნეობების მფლობელებს ჰქონდეთ ინფორმაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და ასოცირების შეთანხმების პოზიტიურ მხარეებზე.
,,რეგიონებში საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვესაუბრებით, რა კონკრეტული სარგებლის მოტანა შეუძლია DCFTA-ს და ზოგადად ასოცირების შეთანხმებას, მეწარმესთვის და ქართული მეწარმეობს განვითარებისთვის. მათი გაცნობა და შემდგომში მულტიპლიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი’’, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მოდებაძემ. 
eugeorgia.info-ს ანალიტიკოსი, მანანა ვარდიაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილი ინფორმირებული არ არის ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებზე. მისივე თქმით, ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა მხოლოდ ოცნება არ არის და რამდენიმე ფერმერმა თავისი ნაწარმი უკვე გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასაყიდად. 
,, თელავში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ წარმატებულ მაგალითებზე და პროდუქტზე, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე უკე დიდი ხანია გადის. მაგალითად: თხილი, ლურჯი მოცვი, ღვინო და მათ შორის ქვევრის ღვინო, რომელიც ოჯახურ მეურნეობაში არის წარმოებული. კონკრეტულად კახეთში ხდება თხილის წარმოება. ასევე არის კონკრეტული წარმატების მაგალითიც: ასეთია მეღვინე მალხაზ ჩაყელი, რომელსაც ხაშმში აქვს საფერავის ბიო-ღვინო, და ის დიდი წარმატებით იყიდება უკვე პოლონეთში, შვედეთში, იტალიასა და საფრანგეთშიც კი’’-განუცხადა knews.ge-ს მანანა ვარდიაშვილმა.
ფერმერებს და საჯარო მოხელეებს ააიპ ასოციაცია ,,მომავლის ფერმერის’’ შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცუა. ასოციაცია სოფლის მეურნეობაში საინოვაციო და ახალი ტექნილოგიების დანერგვის მიზნით 2007 წელს შეიქმნა და მსხვილ და წვრილ ფერმერთა, ოჯახურ მეურნეობათა და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთა გაერთიანება. 
ასოციაციის თავმჯდომარის რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, ფერმერები და ადგილობრივი საჯარო მოხელეები ევროკავშირის ბაზრის მნიშვნელობის გარდა, სურსათის უვნებლობის საკითხებზეც არ არიან ინფორმირებულები. 
„საჭიროა უფრო მასიურად ჩატარდეს ასეთი შეხვედრები და კარგი იქნება თუ საერთოდ ცხელ ხაზს შემოიღებენ, სადაც ახალ რეგულაციებზე და ევროკავშირის პერსპექტივებზე ერთ ტელეფონზე დარეკვით ფერმერი მიიღებს მაქსიმალურ ინფორმაციას, სწორად დაკვალიანდება და მას მოსახლეობაში უფრო მობილიზებულად გაავრცელებს’’,– განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.