თელავში ხალგაზრდა ამომრჩევლის უფლებების შესახებ იმსჯელეს
შეხვედრას, თელავის მედია კაფეში, საჯარო სკოლების უფროსკლასელები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ტრენერის, პაატა ცნობილაძეს განცხადებით, ტრენინგის მიზანს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირება წარმოადგენს.
მისივე თქმით, სემინარის დროს სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელზე, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზებზე (რა არის დემოკრატია, არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი), არჩევითი ორგანოების ფორმირებასა და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობაზე ესაუბრა.
,,ჩავატარეთ ორდღიანი ტრენინგი საარჩევნო საკითხებზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო სისტემაზე.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო წინასაარჩევო კამპანიის საკითხებს, პოლიტიკური პარტიებისა თუ სუბიექტების უფლებამოსილებასა და საარჩევნო უბნის გახსნიდან დახურვამდე არსებული პროცედურების გაცნობას. მეორე დღეს კი, ტრენინგი იმიტირებული საარჩევნო პროცესით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ყველა იმ პროცედურაში, რაც არჩევნების დღეს უბანზე მისი გახსნიდან დახურვის პერიოდამდე გრძელდება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ და დაურიგდათ საინფორმაციო მასალები. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში და წარმოადგინონ საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი,”- განუცხადა Knews.ge-ს პაატა ცნობილაძემ.
ტრენინგი „რეგიონული მედიის ასოციაციის“ პროექტის – „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის“ – ფარგლებში ტარდება. პროექტს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ აფინანსებს.