გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ცემის ფაქტზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
საქმე ეხება 14 სექტემბერს, გურჯაანში, გამგეობის შენობის წინ მევენახეების მიერ გამართულ აქციას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გურჯანის მაჟორიტარი დეპუტატი, პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ღვინიაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გადაინაცვლეს, სადაც ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
გიორგი ღვინიაშვილს მოულოდნელად მიუახლოვდა აქციის მონაწილე, გიორგი ჭანყოშვილი, რომელმაც მას ხელი სახეში გაარტყა და გაიქცა.
,,აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის 2015 წლის 10 ოქტომბერს გიორგი ჭანყოშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2015 წლის 13 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. გიორგი ღვინიაშვილი საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, თუმცა დაზარალებულის სახით დაკითხვის მიზნით არაერთი გამოძახების მიუხედავად, იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. 2015 წლის 10 ოქტომბერს გამოძახებული იყო ტელეფონის საშუალებით, ასევე გაეგზავნა უწყბა 14 და 22 ოქტომბერს და 2015 წლის 10 ნოემბერს თუმცა იგი კვლავ არ გამოცხადებულა“, – აცხადებენ პროკურატურაში.