ახალი ამბები

თესაუს პროფესორმა მეცნიერებს მწერალთა ეპისტოლურ-აკადემიური გამოცემის ახალი ტომი წარუდგინა

ქეთევან გიგაშვილის ინფორმაცით, ახალ გამოცემაში მოყვანილია გრიგოლ ორბელიანის პირადი წერილები, რომელიც სხვადასხვა ფონდში იყო დაცული. მისივე თქმით, წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური დახმარებით, პროექტის ,,მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური-აკადემიური გამოცემა’’ ფარგლებში დაიბეჭდა.
გიგაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის გამოცემულია წიგნის ხუთტომეული, საიდანაც 4 გრიგოლ ორბელიანის პირად წერილებს დაეთმო. მისივე განმარტებით, დღეისთვის უკვე გამოცემულია გრიგოლ ორბელიანის 535 წერილი, აქედან 154 გამოქვეყნდა პირველად, 129 წერილი დათარიღდა მათ გამოცემაში. მრავალტომეულში კი სულ 140 ეპისტოლე დათარიღდა.
,,მეცნიერებათა აკადემიაში, სამეცნიერო საზოგადოებას წარვუდგინეთ გამოცემის მეექვსე ტომი, რომელიც დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს. 2017 წელს გამოიცემა მეშვიდე ტომი, რომელიც ასევე მიეძღვნება გრიგოლ ორბელიანის პირად წერილებს. ეს არის 30 ტომეული და გათვლილია 30 წლიან სამუშაოზე. 
როდესაც წიგნის გამოცემაზე ვიწყებთ მუშაობას, ვიძიებთ წერილებს, რომელიც დაცულია სხვადასხვა ფონდში, ძირითადად არის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ლიტერატურის მუზეუმსა და ეროვნულ არქივში. ამ წერილებს ვსწავლობთ და იმას, რომელიც გამოქვეყნებულია ვადარებთ ერთმანეთს. წერილებს კი, რომელიც არ არის გამოქვეყნებუი, ჩვენ ვბეჭდავთ. ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ეპისტოლური ჟანრი გამოიცემა აკადემიურად და მრავალტომეულის სახით. პრეზენტაციაზე წარვადგინეთ ქართული მოდევილის აკადემიური გამოცემის პირველი და მეორე ტომიც. ესეც არის მრავალტომეული და 10-მდე წიგნის გამოცემა იგეგმება. პროექტი, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ფაქტობრივად, დასრულდა. ამ ეტაპზე, ვაპირებთ ახალი საპროექტო წინადადების შეტანას რუსთაველის ფონდში,’’- განუცხადა knews.ge-ს ქეთევან გიგაშვილმა.