კახეთში მეცხვარეებს ზამთრის საძოვრების პრობლემა აქვთ
დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერების განმარტებით, არ არსებობს გასაღების ბაზრები. ისინი ამბობენ, რომ ძირითადად აზერბაიჯანის ბაზარზე არიან დამოკიდებულები. იგივე პრობლემა დგას საგარეჯოში, იორმუღანლოს თემში. სოფელ ქეშალოს, ლამბალოსა და დანარჩენ ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ცხვრის ბიზნესი ჩავარდა. მიზეზად კი, მეზობელ ქვეყნებში ქართულ ცხვარზე მოთხოვნის შემცირება სახელდება. საექსპორტო ბაზრების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში შემოყვანილი სომხური ცხვარია.
,,ჩვენთან შემცირდა ცხვრის გაყიდვა, რადგან სომხური ცხვარი გადის და არაბები მას ყიდულობენ, ჩვენი კი, ჩავარდა. ეს საკითხი მოსაგვარებელია, გვაინტერესებს ვინ დაგვეხმარება, რადგან ეს ჩვენი ბიზნესია და ამ შემოსავლებით ვინახავთ ოჯახებს”, – აცხადებს knews.ge-სთან ქეშალოს მცხოვრები ნაზიმ ხალილოვი.
,,მეცხვარეთა ასოციაციის” თავმჯდომარე ბექა გონაშვილის განმარტებით, სომხური ცხვრის მთავარი უპირატესობა დაბალი ფასია. იმ დროს, როდესაც 1 კგ ქართული ცხვარი 3.5-4 დოლარი ღირს, სომხურის შემთხვევაში ეს ფასი 2 ამერიკული დოლარია.
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროში ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა გაიხსნა. წყლით მომარაგების სისტემა სამუხის ველზე მოეწყო. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, რომლის მიზანია საძოვრების მდგრადი მართვის დანერგვა და თუში მეცხვარეების საარსებო გარემოს გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ცხვრის დასაწყურებელი სისტემაც.
მეცხვარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება დარგში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნებს.