საგარეჯოში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ სირხან ა-მ, ნურბაბა ხ-მ და თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, “ლიბერთი ბანკის” სერვის ცენტრში, ღამით ფანჯრიდან ფარულად შეაღწიეს, სეიფი, პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, ოთხივე ბრალდებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფერმიდან მოიპარეს.
“სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე დღეში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და სოფელ ლამბალოში დააკავეს. მოპარული სეიფი სოფელ ლამბალოში წყლის არხიდან, ხოლო ნურბაბა ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბანკო პლასტიკური აგრობარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე სირხან ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო შაჰინ ბ-ს პირადი ჩხრეკისას – არარეგისტრირებული პისტოლეტი ერთი მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. სამართალდამცველებმა გაყიდულ 5 სულ პირუტყვს სოფელ ლამბალოში მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს”, –განუცხადეს knews.ge-ს შსს-ში.
გამოძიება ოთხივე დაკავებულის მიმართ ქურდობის ფაქტზე – პირველ ეპიზოდზე – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, მე-3 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით, მეორე ეპიზოდზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, სირხან ა-ს მიმართ გამოძიება, ასევე, მიმდინარებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ხოლო შაჰინ ბ-ს მიმართ – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. შსს-მ საქართველოს სსკ-ის 375-ე და 24-177-ე მუხლებით თაჯირ ჯ-ს მიმართ დაიწყო გამოძიება, რომელიც ერთ ეპიზოდში დანაშაულის დაფარვის ფაქტს, ხოლო მეორე ეპიზოდში კი ქურდობის ჩადენაში დახმარებას გულისხმობს.