სოფელ საკობიანოში მცხოვრებმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა
ახმეტის რაიონის სოფეკ საკობიანოში მცხოვრებმა პოლიცილებს ცეცხლი გაუხსნა. Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას შავლეგ ყ. არ დაემორჩილა და სცადა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა ის განაიარაღეს. დაკავებისას შავლეგ ყ. თავს დაესხა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას და უკანა საქარე მინა დააზიანა.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, „ა-კა-ეს 74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 35 საბრძოლო ვაზნა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ალკოტესტით შეამოწმების შედეგად შავლეგ ყ-ს ალკოჰოლური თრობა, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებით კი მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, – განუცხადეს knews.ge-ს შსს-ში.
გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლებიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და პოლიციელზე თავდასხმას.