სოფელ კაბალში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დიდი სოფლები წარმოადგენს.
წულუკიანის განცხადებით, სოფელი კაბალი, ფოკის, სართიჭალისა და ყვარელწყლის შემდეგ, რიგით მეოთხე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელია, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა.
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება.
საზოგადოებრივი ცენტრი კაბლისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, ჯამში 40 000-მდე მომხმარებელს, მოემსახურება. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეო კონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც.
კახეთის რეგიონში უკვე ფუნქციონირებს ექვსი : კაჭრეთის ,შაშიანის, ყვარელწყალი/დუისის,ნუკრიანის, შილდის და კაბალის, ხოლო ლაგოდეხის,დედოფლისწყაროს და საგარეჯოს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.