თელავის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი თენგიზ კუკუნაშვილი გახდა
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის 17 წევრიდან 14-მა, რომელმაც მხარი დაუჭირა კუკუნაშვილის კანდიდატურას. თვითმმართველობის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, თენგიზ კუკუნაშვილი, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. კუკუნაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება პასიურია და ის მთელ რიგ ღონისძიებებს გაატარებს, რათა სტუდენტებს გაუჩნდეთ მოტივაცია, აქტიურად ჩაერთონ უმაღლესი სასწავლებლში სხვადასხვა აქტივობაში, რომლის განხორციელებასაც გეგმავს.
„ძალიან ბევრი კულტურული, სპორტული, საქველმოქმედო ღონისძიება მაქვს დაგეგმილი. სტუდებს არ აინტერესებთ საუნივერსიტეტო ცხოვრება და ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები იმ ღონისძიებებში, რომლებიც უნივერსიტეტში განხორციელდება“, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ კუკუნაშვილმა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოსტზე კონკურსი 2 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტობის მსურველებს განცხადებების შეტანა 9 ნოემბრის 17:00 საათის ჩათვლით შეეძლოთ.
არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისათვის უნდა წარედგინა შემდეგი დოკუმენტები: პირადი განცხადება, სამოტივაციო წერილი, არანაკლებ 50 სტუდენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მხარდაჭერის ფურცელი ან პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის 1/5 ხელმოწერა, საარჩევნო პროგრამა და ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
2014 წლის 31 მარტიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ზურაბ გრიშაშვილი ხელმძღვანელობდა. 2014 წლის აპრილში კი სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი. დებულებაში შესაბამისი ცვლილების შესვლამდე სტუდენტები, 1 წლის ვადით, ირჩევდნენ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდედენტს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით.