სასამართლომ “რუსთავი 2-ის” წილის 100% ქიბარ ხალვაშს გადასცა
სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს “პანორამას” გადასცა. წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ “რუსთავი 2”-ის ყველა ადვოკატმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. “რუსთავი 2”-ის იურისტის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ხალვაშის მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე კი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა. მოსამართლემ ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები ბათილად გამოაცხადა. ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლემ მათი შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა და შესაძლოა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მათაც გაასაჩივრონ. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია “პანორამაზე” წილები მხოლოდ სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ გაფორმდება. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა. ბიზნესმენის სარჩელის საფუძველზე მოსამართლე ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილები დააყადაღა. საქმის არსებითი განხილვები 19 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო პირველი მოსამზადებელი სხდომა კი 17 სექტემბერს გაიმართა. მოსამართლე სასამართლო სხდომებს კვირაში რამდენჯერმე ნიშნავდა. თამაზ ურთმელიძე ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდა რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს იურისტების შუამდგომლობებს. ამავე დროს მოსამართლემ სასამართლო დაბრაზიდან ერთ-ერთი პროცესის დასრულებამდე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევა. მოსამართლემ, ასევე, არ დააკმაყოფლა იურისტების რამდენიმე შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა გვარამიას პროცესზე დასწრებას.
რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები, ასვე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორიც მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ, თუმცა არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

