ახალი ამბები

საგარეჯოში ე.წ. კოორდინატორები აღრიცხვას აწარმოებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ინფორმაციით, საგარეჯოს საარჩევნო უბნებზე ე.წ. კოორდინატორები აღრიცხვას აწარმოებენ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები საარჩევნო უბნების წინ იმყოფებიან.

,,სამწუხაროდ, კვლავაც აქტუალურია ე.წ. “კოორდინატორების” მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც “ჟურნალში” კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებენ”, – აცხადებენ CDD-ში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვას და შედეგების შეჯამებას. 
“11:00 საათისათვის, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, მიღებული ბიულეტენების არასწორი რაოდენობის გამოცხადება, ბიულეენების წინასწარი გამზადება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება, მარკირების აპარატის გაუმართაობა, აგიტაციის ფაქტი საარჩევნო უბანზე, აღნიშნული ხარვეზების უმეტესობა საგარეჯოს საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე დაფიქსირდა,”- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.