ახალი ამბები

თელავში ნატოს კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

შეხვერაზე საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, გავრცელებულ მითებზე და ნატოსა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ იმსჯელეს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის, თამარ მედულაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და ნატოს შესახებ მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა. მედულაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, მათ აზრის მოსმენა და იმ მითების მსხვრევა, რომელიც დღეს საზოგადოებაშია გავრცელებული. 
,,ნატოს კვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა თელავში, სტუდენტებთან ჩავატარეთ. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებიც გაიმართება. შევხვდებით მოსწავლეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასევე, ჩატარდება კონფერენციები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა. მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ, რომლის არჩევანიც არის საქართველოს ევროინტეგრაცია, ზუსტად იცოდეს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რამდენად მნიშვნელოვანია ის და რა არის მისი დადებითი მხარეები. ამ კუთხით დღეისთვის ბევრი მითია გავრცელებული, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. შეხვედრები ამ მითების მსხვრევას ემსახურება,”- განუცხადა Knews.ge-ს თამარ მედულაშვილმა.
საქართველოში ნატოს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება, რომელიც 25 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.