თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2015″ მიმდინარეობს
ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, ასევე ყველისა და თაფლის პროდუქცია. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
„ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თელავი არის ღვინის დედაქალაქი და ხდება საქართველოს ტურისტული გზამკვლევი. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ დიდი და მცირე ქართული მარნების მიერ წარმოებული, ქვევრის, 100 მდე სხვადასხვა ტიპის, ფერის და ასაკის ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები”,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
თელავში ღვინის ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნდა და თელავი მას უკვე მეორედ მასპინძლობს. “თელავინო 2015” თელავის მერიისა და კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით ტარდება.