ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის ზეწოლა რადიო ,,ჰერეთის” ჟურნალისტზე
სარალიძე აცხადებს, რომ სხდომის განმავლობაში გოდერძი ბარბქაძემ ჟურნალისტის მისამართით საყვედური უხეში ფორმით რამდენჯერმე გამოთქვა და მხოლოდ პოზიტიური ინფორმაციის გაშუქებისკენ მოუწოდა. გოდერძი ბარბაქაძე ჟურნალისტისგან ითხოვდა გაეშუქებინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები და მათ შორის ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვის ამბავი. სოფო სარალიძე განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის საყვედური მისთვის მიუღებელია, რადგან სამაუწყებლო კომპანიამ უკვე გააშუქა აღნიშნული საკითხი.
„მან ძალიან უხეში ფორმით მოინდომა ჩვენ საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევა. ბარბაქაძემ რამდენჯერმე დამიყვირა საკრებულოს სხდომაზე. ვფიქრობ, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და არაადეკვატურად იქცეოდა. მას სურდა დაგროვილი აგრესიის გამოხატვა და ასევე, ხაზის გასმა, რომ ჩვენ ვიყავით ცუდი ორგანიზაცია,“ – განუცხადა Knews.ge-ს სოსფო სარალიძემ.
რადიო ,,ჰერეთის” დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ ბარბაქაძის ქმედება სამაუწყებლო კომპანიაზე უხეშ ზეწოლად შეაფასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს თავმჯდომარის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა. სამხარაძის განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ,, ჰერეთმა” ჟურნალისტის უფლების დარღვევის გამო ლაგოდეხის წარმომადგენლობით ორგანოს სასამართლოში უჩივლოს.
„სამარცხვინო საქციელია, რომ დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტს აყენებს შეურაცხყოფას და უხეშად მიუთითებს რაზე იმუშაოს და რაზე გააკეთოს აქცენტები. ეს არის საჯარო პირისაგან მედიის მუშაობაში უხეში ჩარევა მითუმეტეს ამ ფორმით, როდესაც ცდილობს, რომ ასეთი სახის განცხადებები გააკეთოს. არავინ არ არის უფლებამოსილი, მითუმეტეს საჯარო სტრუქტურაში წარმომადგენელი, მიუთითოს ჟურნალისტს როგორი ამბები გააშუქოს. მოვითხოვ საკრებულოს წევრებისაგან, რომ ეყოთ გონიერება, მოიწვიონ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და მოუწყონ იმპიჩმენტი გოდერძი ბარბაქაძეს, ვინაიდან მან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. ჩვენ უკვე მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და სახელმწიფო სტრუქტურებს რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ,“ – განუცხადა Knews.ge-ს რამაზ სამხარაძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გამორიცხა ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მისთვის უხეში ფორმით მიმართვის ფაქტი, თუმცა ბარბაქაძემ დაადასტურა, რომ მან სოფო სარალიძეს მოუწოდა ხელისუფლების საქმინობის დადებითი ფაქტორები გაეშუქებინა.
„ინციდენტი არ მომხდარა. მე ვთხოვე ჟურნალისტებს, რომ რაც კარგი ის გააშუქონ. მე არ მიყვირია ჟურნალისტისათვის. თუ ეს საკითხი გაინტერესებთ, მობრძანდით ორშაბათს და შევხვდეთ. ეხლა კი თქვენ აღარ გისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ“, – განაცხადა ბარბაქაძემ.
რდიო ,,ჰერეთის“ მიერ გავრცელებულ აუდიომასალაში ჩანს, რომ ბარბაქაძეზე რამდენჯერმე ხმამაღალი ტონით და უხეში ფორმით ჟურნალისტს დაჟინებით სთხოვს, რომ რადიოსადგურმა ამბები მხოლოდ დადებით კონტექსტში გააშუქოს.
„ამას მე ვიცი გააშუქებენ, გააკეთებენ დედა უტირა, რომ არაფერი გაკეთებულა ლაგოდეხში. რაც გაკეთებული არის, ჯერ ისა თქვით პირველი. რაც ლაგოდეხში ეხლა გაკეთდა, არ გაკეთებულა მთელი 8 წლის განმავლობაში. მედია საშუალებები კიდე გამოიჩენენ დიდ სულისკვეთებას. მე ვერაფერი ვერ დავინახე გაშუქებული. გამგებელსაც შეეკითხეთ“, – ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტს სხდომაზე.
არასასიამოვნო ფაქტი – ასეთი შეფასება მისცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჟურნალისტისა და საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვიერ დაპირისპირებას. კახა ჯამბურიამ აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანია აშუქებს როგორც დადებით ისე უარყოფით მოვლენებს და მას საინფორმაციო სამსახურთან პრეტენზია არ გააჩნია.
„არასასიამოვნო ფაქტი იყო, რაც მოხდა. კარგი იქნება, თუ უფრო თანამშრომლობა იქნება. მინდა გითხრათ, რომ რადიო ,,ჰერეთი” აშუქებს ყველაფერს, რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხდება. მაგალითად ჰერეთისკარში დაიდგა ტრანსფორმატორი და ,,ჰერეთმა” ეს გააშუქა. მსგავსი კიდევ ბევრი დადებითი ფაქტი გააშუქა ამ სამაუწყებლო კომპანიამ“, – განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.
ლაგოდეხის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ და მმართველი კოალიციის სხვა წევრებმა ბარბაქაძის ქმედების კომენტირებისაგან თავი შეიკავეს. საკრებულოს წევრების ნაწილმა კი ღიად განაცხადა, რომ გოდერძი ბარბაქაძის ეს საქციელი თავისუფალ მედია საშუალებაზე უხეში ზეწოლაა.
2 ოქტომბრის ინციდენტს გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი სახის მითითებები ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაა.
,,მოვუწოდებთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ყველა წევრს არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან არასათანადოდ და კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იქცევიან. მნიშვნელოვანია, ყველა ასეთ ფაქტს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება საკრებულოს სხვა წევრების და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა თავიდან ავიცილოთ მედიაზე ზეწოლის მცდელობები მომავალში”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს განცხადებაში.