გიორგი სიბაშვილი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
გიორგი სიბაშვილის 2 წლიანი სასამართლო პროცესი დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაასრულა. სასამართლომ ძალაში დატოვა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სიბაშვილისათვის ბრალის მოხსნის თაობაზე.
შეგახსენებთ, პროკურატურამ კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2013 წლის 30 იანვარს მისცა. სიბაშვილს ბრალი 5 ეპიზოდით ჰქონდა წარდგენილი. პროკურატურა სიბაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობდა.
როგორც საქმის 2 წლიანმა განხილვამ დაადასტურა, ხუთივე ეპიზოდში აღნიშნულ საქმეში გიორგი სიბაშვილს ბრალი არ დაუმტკიცდა.
სიბაშვილის გარდა, პროკურატურა სააგენტოს დირექტორს ვალერ გრემელაშვილს, სამშენებლო კომპანია „ხიდის“ ხელმძღვანელს ზაქარია ტატუნაშვილს და ინდმეწარმე ასლან გარსევანიშვილს ედავებოდა.
ვალერი გრემელაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში იყო ბრალდებული. ზაქარია ტატუნაშვილს და ასლან გარსევანიშვილს კი დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებოდათ ბრალად.
მიმდინარე პროცესზე ბრალი არც ერთ პირს არ დაუმტკიცდა.