სტატიები

კახეთში რთველი აქციების ფონზე მიმდინარეობს


მევენახეთა პროტესტი
კახეთში ფერმერები საპროტეს­ტო აქციებს ერთი კვირაა მარ­თავენ. გამოსვლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიწყო. მო­სახლეობა ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებს. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ღვინის ქარხ­ნებთან შუამდგომლობის გაწევას სთხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ღვინის კომპანიები ყურძენს ერთ ლარზე ნაკლებ ფასად ჩაიბარებენ, მო­სავალს არ დაკრეფენ. გურჯაანელმა დიტო მაისურაძემ არ იცის, როგორ დააბინავოს მოსავალი. მას წელს 1 ჰექტარი ვენახის მოვლა 4000 ლარამდე დაუჯდა. ფერმერის გან­ცხადებით, წელს სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების შეძენა საკმაოდ ძვირი დაუჯდა, გაძვირდა მუშახელის ღირებულებაც, რაც ჯამში ყურძნის თვითღირებულებაზე აისახა. იგი შიშობს, რომ დახარჯულ თანხას წელს ვერ აინაზღაურებს.
,,ვფიქრობ, როცა რამდენიმე დღე­ში როცა ყურძნის მასობრივი კრე­ფა დაიწყება, ღვინის ქარხნებთან ყურძნით სავსე მანქანების რიგები დადგება და მოსავალი დალპება. წელს მეტ თანხას ველოდებოდით სუბსიდირებაზე, თუმცა პირიქით მოხდა. მოგვცენ დაბალ პროცენტში სესხები და გაგვიწერონ ბევრ წელზე, მაგრამ ეს არ ხდება. როგორ უნდა განვითარდეს ეს დარგი, ეს არის საინტერესო, ხალხში ფული არ არის, ისედაც მიწის დამუშავება ბევრმა მიატოვა სოფლებში და ვაჭრობა წამოიწყო ოჯახების შესანახად“, – ამბობს ფერმერი.
მევენახეები ,,კახეთის ხმასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ბევრმა მათგანმა შესაძლოა, ყურძენი არ მოკრიფოს. მათ დიდ ნაწილს სახლ­ში არ აქვთ ჭურჭლის იმდენი მარა­გი, რომ მოკრეფილი პროდუქცია დაწურონ და ღვინო თავად დააყე­ნონ. ,,სად გვაქვს ამდენი ჭურჭელი რომ სახლში ყურძენი დავწუროთ? დაგვეხმაროს მთავრობა, ამოიყვანოს მევენახე გაჭირვებიდან და შემდეგ ჩვენ მოვახერხებთ საქმის გაკეთებას. ქართველი ფერმერი ჭკვიანია, თუ სხვანაირი ხარისხის ღვინო უნდათ, გვითხრან და გვასწავლონ რა უნდათ, რომ ჩვენც ვიცხოვორთ ნორმალუ­რად. სოფელში მცხოვრებ ოჯახს ლუკმა-პური უნდა უჭირდეს?“, – აცხადებენ მევენახეები.სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ და­ნელიას განცხადებით, მევენახეების პროტესტის მიუხედავად, სახელ­მწიფო ყურძენზე ფასის გაზრდას არ აპირებს. მისივე თქმით, რქაწითელს სახელმწიფო 60 თეთრად, საფერავს კი 85 თეთრად ჩაიბარებს.
„უკვე წავედით კომპრომისზე, იმიტომ, რომ სუბსიდირებას არ ვგეგმავდით. იმ შემთხვევაში, თუ ქარხნები ვერ მიიღებენ, ვინაიდან მათი მდგომარეობაც გასათვალისწი­ნებელია, გვესმის, რომ გადავსებული აქვთ ის ჭურჭელი, რომელიც მათ გააჩნიათ და ღვინო აქვთ გასაყიდი, ამ შემთხვევაში ყურძენს ჩვენ მივიღე­ბთ“,- განაცხადა დანელიამ.

ფიზიკური დაპირისპირება მევენახეებსა და პოლიციელებს შორის
გურჯაანში საპროტესტო აქციის პირველ დღეებში თელავი-გურ­ჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციე­ლებს შორის დაწყებული შეხლაჶშე­მოხლა ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. 11 სექტემბრის აქციაზე დააკავეს ოთხი ადამიანი.
პოლიციას აქციის რამდენიმე მო­ნაწილეს ფიზიკურადაც გაუსწორ­და. ფერმერები სოფლის მეურ­ნეობის მინისტრის, ოთარ დანე­ლიას განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პრო­ცენტიან მოგებას იღებს. ისინი კახეთში ბიძინა ივანიშვილისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვდნენ. იმავე დღეს გაიმართა საპროტესო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი. 4 დაკავებულიდან ორი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო 2 პირის სასამართლო პროცესი 18 სექტემ­ბერს ჩაინიშნა.
დაკავებულებს ბრალი სამარ­თალდამცავმა სტრუქტურამ წაუ­ყენა ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლი­ციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
,,უკმაყოფილოები ვართ. არის სო­ფლები, სადაც ყურძენი დასაკრეფია. ქარხნები კი დაკეტილია. არ ვიცით, რომელი ქარხანა რამდენ ყურძენს მიიღებს და რა ფასად. რა ფასადაც აპირებენ ქარხნები ყურძნის ჩაბარებას, მოვლის ხარჯე­ბსაც ვერ აანაზღაურებს. ბანკიდან კრედიტი მაქვს გამოტა­ნილი და არ ვიცი, როგორ დავფარო”, – განაცხადა მახო დოლენჯაშვილმა.

ყურძნის სუბსიდირების ქრონიკა
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დასახმარებლად 2007 წლი­დან მოყოლებული მილიონობით ლარი დახარჯა, შედეგი ვერ მიიღო. ყოველ შემთხვევაში მევენახეებისთ­ვის მათ ყურძნის ჩაბარება კვლავაც უჭირთ. მთავრობა ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვარაუდობდა, რომ წელს ყურძ­ნის სუბსიდირება საჭირო აღარ გახდებოდა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა და გადაწყვიტა, პრიო­რიტეტულად დასახელებული დარ­გისთვის უსასყიდლო დახმარება წელსაც გაეწია. მთავრობამ წელს სუბსიდირების ფასები არ გაზარდა.
2014 წელს კახეთში ღვინის კომპა­ნიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 ლარად იბარებდნენ, რქაწითელს 1 ლარად. 1 კილოგრამი ხარისხიანი საფერავის ფასი 2-დან 2.50 ლარამდე მერყეობდა, მიკროზონაში მოყვანილ ყურძენში 3 ლარსაც იხდიდნენ.
2013 წელს 1 კგ საფერავის სა­შუალო შეწონილი ფასი (სუბსი­დირების გარეშე) 0.98 ლარი იყო, ხოლო რქაწითელის ფასმა 0.73 ლარი შეადგინა.
2012 წელს ღვინის ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 75 თეთრად, საფერავი კი – 65 თეთრად ჩაიბარეს. სახელმწიფომ კი ერთი კილოგრამი საფერავისა და რქაწი­თელის ფასი ერთ ლარამდე შეავსო. სუბსიდიის სახით ერთ კილოგრამ რქაწითელზე 25 თეთრი იყო გამო­ყოფილი, საფერავის ჯიშის ყურძენზე კი 35 თეთრი.
2011 წელს ღვინის კომპანიებმა რქაწითელის ღირებულება განსა­ზღვრეს 45 თეთრად, რასაც სახელ­მწიფომ სუბსიდიის სახით 25 თეთრი დაამატა, ჯამში 70 თეთრი. ქარხნები საფერავში 65 თეთრს იხდიდნენ, სუბსიდიის სახით 25 თეთრი იყო დამატებული და ჯამში 90 თეთრი გამოდიოდა.
2010 წელს კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძენის ღირებულება იყო 40 თეთრი და სახელმწიფო სუბსი­დიის სახით დამატებით 25 თეთრი გაიცემოდა. რქაწითელში 30 თეთრს ღვინის ქარხანა იხდიდა, 15 თეთრი სუბსიდიიდან ემატებოდა.
2009 წელს ”2009 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე” 5 704 000 ლარი გამოიყო.
2008 წელს მთავრობამ რთველისთ­ვის 8 მილიონი ლარი გამოიყო.
2007 წელს, როდესაც რთველის სუბსიდირება პირველად განხორ­ციელდა, მევენახეები კილოგრამ საფერავზე 25 თეთრს იღებდნენ, რქაწითელაზე კი – 15 თეთრს.
წელს, რქაწითელის ფასი სუბსი­დიის ჩათვლით 60 თეთრით განისა­ზღვრა, ხოლო საფერავის ღირებუ­ლება კი 70 თეთრია.

დარგის სპეციალისტის შეფასება
რამდენად სწორია რთველის სუბ­სიდირება? – ამ კითხვაზე ერთმნიშვნე­ლოვანი პასუხი არ არსებობს. დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ნაწილი მთავრობის მიდგომას სო­ფლის მეურნეობის დარგის განვითა­რებისადმი აკრიტიკებს და ამბობს, რომ სუბსიდირების მხრივ ასეთი მიდგომა მევენახეობის განვითარება­ზე ნეგატიურად აისახება. ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით თამარაშვილი სუბსიდიის უარყოფით ფაქტორებზე საუბრობს. სპეციალისტის შეფასებით, სუბსი­დირების ის ფორმა, რომელიც დღეს არის დანერგილი მევენახეობა მეღ­ვინეობის დარგში, არაეფექტურია. თამარაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც ყურძენი სუბსიდირებას დაექვემდებარა, მევენახეც სახელმწი­ფოზე დამოკიდებული გახდა და ფერ­მერების საპროტესტო გამოსვლები სწორედ ამ სისტემის შედეგია.
,,სუბსიდირების ეს მახინჯი სისტემა ,,ნაციონალური მოძრაობის” დროი­დან მოყოლებული დღემდე ბიუჯე­ტის უყაირათო ხარჯვის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, რომელმაც მევენახის პრობლემა ვერ მოაგვარა. პირიქით უფრო მეტი პრობლემები შეუქმნა. სუბსიდირებას არ მოჰყოლია არანაირი დადებითი შედეგი. გარდა ამისა, სახელმწიფო გახდა ღვინის მწარმოებელი და ბიუჯეტმა დაიმატა ღვინის წარმოებისთვის ხარჯი, რაც ყველაზე დიდი შეცდომა იყო და ასეა დღემდე. მევენახეობაში სუბსიდირე­ბის და სახელმწიფოს მიერ ღვინის წარმოების მოდელის დანერგვამ განა­პირობა მევენახის დამოკიდებულება სახელმწიფოზე და სახელმწიფო ღვი­ნის კომპანიაზე, რითაც მან მევენახეში ჩაკლა ღვინის წარმოების სურვილი, ხოლო კერძო ღვინის კომპანიას კი კონკურენტად გაუხდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახა დარგზე და დღევანდელი კრიზისი და მევენახეე­ბის საპროტესტო აქციები სწორედ ამ სისტემის შედეგია. რთველი ჯერ არ შესულა აქტიურ ფაზაში, იკრიფება საკონიაკე სპირტისთვის განკუთვნი­ლი დაზიანებული ყურძენი და მას იბარებს კერძო ღვინის ქარხნები. ეს დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენია და შესაბამისად დაბალი შესასყიდი ფასი აქვს 40-50 თეთრი. პროტესტი დაზიანებული ყურძნის გამო არ არის ეთიკური, რადგან იმავე ხარისხის ყურ­ძენს არ იყიდის მაღალ ფასში ზუსტად ის ხალხი, რომლებიც აპროტესტებენ ყურძნის დაბალ ფასს. საშუალო და მაღალი ხარისხის ყურძენი 70 თეთრია, ხოლო მევენახეობის მიკროზონის ყურძენი შესაძლოა უფრო ძვირი იყოს, მაგრამ ჯერ ამ ზონებში ყურძენი არ დამწიფებულა. ყურძნის ფასი მისი ხარისხის მიხედვით უნდა დადგინდეს. ფასის დადგენა კი მყიდველსა და გამყიდველის შეთანხმებაზეა დამოკი­დებული”, – განმარტავს თამარაშვილი.
დავით თამარაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ თუ სუბსიდირებას კონკრეტულად ყურძნის გადამუ­შავებაზე გასცემს, მევენახეც მეტ სარგებელს მიიღებს და მთავრობაც მოგებული დარჩება. ,,მევენახეებს ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ყურძნის გადამუშავებასა და ღვინის შენახვას ვურჩევ. უმჯობესია, მსხვილმა მევენახეებმა დადონ ხელშეკრულება და საკუთარი მოსავალი გადაამუ­შაონ, ხოლო მთავრობამ ამ ქარხანას მისცეს სუბსიდიის თანხა, საშუალოდ 1 კგ ყურძენზე 45-65 თეთრი, რათა ღვინის ქარხანამ თითოეულ მათგანს ხარისხიანი პროდუქცია დაუმზადოს“, – აცხადებს ექსპერტი.
მიუხედავად იმისა, რომ მევენახეებს სახელმწიფო სტრუქტურების წარ­მომადგენლები შეხვდნენ, ყურძნის მისაღებ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ფერმერები კი მასობრივ საპრო­ტესტო აქციებს იქამდე გამართავენ, სანამ ყურძნის ფასი 1 ლარს არ გაუტოლდება.