23 ათასი წიგნი ღია ჭერქვეშ ლპება
ბაკურციხელების თქმით, როდესაც ტექნიკუმი დაიშალა, ბიბლიოთეკა უპატრონოდ დარჩა. შენობას ერთი დარაჯი იცავდა, რომელიც ხელფასის უქონლობის გამო წავიდა. ადგილობრივები წიგნების გადასარჩენად დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
ბაკურციხელები აცხადებენ, რომ შენობაში სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო წიგნები პირდაპირ იატაკზე ყრია, რომელიც სინესტისა და მომრავლებული მღრღნელების გამო დაზიანებულია. მათი თქმით, წლების წინ აღნიშნული ბიბლიოთეკა კახეთის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო და აქ დაცული წიგნების წასაკითხად მკითხველები რეგიონის სხვადასხვა სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ.
,,მე არ ვიცი მაგრამ ასე ამბობენ აქ ადრე ძალიან კარგი ბიბლიოთეკა იყო და ხალხი სხვა სოფლებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მოდიოდა წიგნების წასაკითხად. ერთ-ერთი ძლიერი კულტურული კერა იყო, ახლა კი უყურადღებოდ არის დატოვილი და მღრღნელები ანადგურებენ ამ უნიკალურ წიგნებს. იმ წიგნების ნახევარიც აღარ ევარგება რაც ადრე იყო’’,- განაცხადა ბაკურციხელმა ნანა ლაზიაშვილმა.
ბაკურციხელების თქმით, გასულ წლებში მთელი სოფელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობდა, ახლა კი უყურადღებოდ არის მიტოვებული. ადგილობრივების თქმით, შენობას არ აქვს კიბე, რომ შევიდნენ და არსებული სიტუაცია ადგილზე ნახონ. ბაკურციხელები თვლიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, გაარემონტოს შენობა ან უნიკალური წიგნები სხვა ადგილას გადაიტანოს.
სოფლის სხვა მცხოვრებლის თქმით, კი ბიბლიოთეკის შენობას აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ მან ისტორიული სახე შეინარჩუნოს. ბაკურციხელები იმასაც ამბობენ, რომ ბიბლიოთეკის უყურადღებოდ მიტოვების გამო, შენობიდან ბევრი ძვირფასი წიგნი გაიტანეს, რომელიც სავარაუდოდ უკვე განადგურებულია.
”ძალიან ცუდია, რომ ბიბლიოთეკის შენობა უკვე იმდენად ამორტიზებულია, რომ მალე დაინგრევა. თანდათანობით ნადგურდება წიგნებიც. იქნებ როგორმე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნოს, გაარემონტოს ეს შენობა ან წიგნები სხვა რომელიმე შენობაში გადაიტანოს. შესაძლებელია გარემონტებული და თანამედროვე შენობა გამოიყოს და იქ განთავსდეს სოფლის ბიბლიოთეკა. ადრე ყველას შეეძლო ესარგებლა ამ ბიბლიოთეკით, ნებისმიერი წიგნი გამოგვქონდა და ვკითხულობდით, ახლა კი, ეს ფუფუნება აღარ გვაქვს. გარდა ამისა, იმის გამო, რომ შენობას არ ყავს დაცვა, აქვე მცხოვრები მოსახლეობა როცა უნდა შედის და გამოაქვს წიგნები. დღითიდღე უფრო მეტი წიგნი ნადგურდება’’,- განაცხადა ბაკურციხელმა ლენა ქუმსიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ბაკურციხის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები უნიკალური სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურული გამოცემებია. უწყებაში განმარტავენ, რომ სასოფლოჶსამეურნეო ტექნიკუმის შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, ხოლო წიგნები სახელმწიფოს კუთვნილებაა და ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები წიგნადი ფონდის გადმოცემასთან დაკავშირებით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ეკატერინე ბეროშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სპეციალური კომისიის შექმნა, რომლის დახმარებითაც წიგნების აღრიცხვა და მათი სხვადასხვა ბიბლიოთეკებში გადანაწილება მოხდება.
,,ბაკურციხის ბიბლიოთეკა სახელმწეიფო ბალანსზეა და იქ რამდენიმე ათასი წიგნი იყო დაცული. ახლა შენობა სადაც განთავსებულია ბიბლიოთეკა ავარიულია, დაზიანებულია წიგნების ნაწილიც. 2013 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობას წიგნების გადმოცემასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა. ახლა განვაახლებთ ამ პროცესს და ამის შემდეგ შევქმნით კომისიას, რომელიც აღწერს წიგნებს და გადაარჩევს, რომელი გადანაწილდება ბიბლიოთეკაში და რომელი მაკულატურაში’’,– განაცხადა ეკატერინე ბეროშვილმა.
ბაკურციხეში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და პირად საუბარში აცხადებენ, შენობას დღემდე ისინი პატრონობენ, თუმცა იმის გამო რომ შენობას დაცვა არ ყავს, სოფლის მოსახლეობას ბიბლიოთეკიდან წიგნები გააქვს. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა წიგნების სხვა შენობაში გადატანის შემდეგ აღმოიფხვრება.
კონკრეტულად რამდენ ხანში მოხდება წიგნების აღრიცხვა და მათი სხვა შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადატანა, გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ, მანამდე კი უცნობია განადგურებას და მღრღნელებს გადარჩენილ უნიკალურ წიგნებს რა ბედი ეწევა.