სტატიები

დავით თამარაშვილი:ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება ყურძნის დაწურვა და ღვინოდ რეალიზება

მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი დავით თამარაშვილი  მევენახეებისადმი მიმართვას ავრცელებს. გთავაზობთ  მიმართვის სრულ ტექსტს. 

„ყოველდღიურად მედიასაშუალებებით თუ სოციალური ქსელით ვრცელდება ნეგატიური ინფორმაცია, რომ ყურძნის ფასი იქნება ძალიან დაბალი და ამით ყველას ძალიან გაღიზიანებენ! პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ნეგატიური მუხტი აწყობთ მხოლოდ ე.წ. „პოლიტიკანებს“ და რომელთაც ამ რთველის შემდეგ მომდევნო რთველის სეზონამდე აღარც კი გაახსენდებით! მათ სურთ ჩვენი კეთილგანწყობის მოპვება საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის და არა რეალურად პრობლემის მოგვარებისათვის! თუ მათ პრობლემების მოგვარება სურთ, მაშინ რთველამდე უნდა იმსჯელონ ჩვენთან ერთად, დასახოთ ღონისძიებები მათ მოსაგვარებლად და მკაცრად მოსთხოვონ ხელისუფლებას თქვენი/ჩვენი პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ეს არის საქმიანი მიდგომა !

მიმდინარე რთველის სეზონზე ყურძნზე ფასის დავარდნა რამდენიმე ფაქტორის გამო მოხდა, კონკრეტულად, რუსეთის ეკონომიკაში არსებულმა კრიზისმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია ქართული ღვინის გაყიდვების მოცულობაზე.. ამასთან ერთად ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი უკრაინაც პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ფინანსურ კრიზისშია და ამ ქვეყანაშიც ჩვენი ღვინოების გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან დაბლა ჩამოვიდა.. ფაქტიურად ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყნებში მკვეთრად შემცირებულია.

ამ ფაქტორებს დაემატა შიდა ეკონომიკური ფაქტორიც, როდესაც ეროვნული ვალუტა ინფლაციას განიცდის ეროვნული ბანკის ხელმძვანელის გიორგი ქადაგიძის „დიდი შრომის შედეგად“! ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გაზარდა სასუქების, შხამ-ქიმიკატების, განსაკუთრებით კი მუშახელის ღირებულება და შედეგად ეს ყოველივე აისახა ყურძნის თვითღირებულებაზე! თუ ორიოდე წლის უკან ვენახის მოვლა 1 ჰექტარზე საშუალოდ 2500-3000 ლარი ჯდებოდა, დღეს ეს ხარჯი 3500-4000 ლარს შორის მერყეობს. არიან ისეთი მევენახეებიც, რომელთაც უფრო მეტი თანხა დაეხარჯათ ვენახის მოვლაზე.

ასეთ ეკონომიკურ ვითარებაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება ყურძნის დაწურვა და ღვინოდ რეალიზება, რაც უფრო მეტი შემოსავლის საშუალებას მისცემს მევენახეებს, განსაკუთრებით მსხვილ მევენახეებს. ვინც ამ გზით წავა იცოდეთ, რომ ღვინო გაუყიდავი არ დაგრჩებათ, რადგან მომავალი წელი უფრო უკეთესი იქნება ღვინის გაყიდვების თვალსაზრისით. სამწუხაროდ ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ ვისაც შეუძლია უკან არ უნდა დაიხიოს!

რაც შეეხება ყურძნის დაბალ ფასს, რომლის შესახებ ასე ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია მედიაში. მევენახეებო, თქვენ კარგად უნდა გააცნობიეროთ, რომ ყურძენი არის თქვენი და მას ფასი თქვენ უნდა დაადოთ. მყიდველი, იქნება ეს ღვინის კომპანია თუ სხვა ვინმე რა ფასს გადაიხდის ეს მეორე საკითხია, მაგრამ გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთხელსაყრელი მორიგება გარდაუვალია!

ყველამ კარგად ვიცით, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისთვის ყურძენს მხოლოდ ღვინის კომპანიები იყიდიან და შესაბამისად ეს ყურძენი არ დარჩება გაუყიდავი, ფასზეც აუცილებლად შეთანხმდებით. შარშანდელი მაღალი ფასი სამწუხაროდ ყურძენზე არ იქნება, მაგრამ თვითღირებულების ფასად რომ ყურძენს არ გაყიდით ეს კარგად იციან მეღვინეებმა.

მევენახეობის ზონებს გარეთ არსებული ყურძენს ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ფასი ექნება, კარგ „მორჩეულ“ ყურძენს თბილისიდან და ქვეყნის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოვაჭრეები წაიღებენ, ასე რომ ხელსაყრელ ფასზე აუცილებლად შეთანხმდებით. ისინი ასევე საშუალო ხარისხის ყურძენსაც გაიტანენ კახეთიდან, რათა ღვინის დაყენება ქვეყნის სხვა რეგიონების ღვინის მოყვარულებმაც შეძლონ. ამ შემთხვევაშიც თქვენთვის ხელსაყრელ ფასზე შეთანხმდებით. ამ ყურძენს ღვინის კომპანიებიც იყიდიან და ფასზე ამ შემთხვევაშიც აუცილებლად შეთანხმდებით.. იმ ყურძენს, რომელშიც თქვენ თითონვე არ გადახდიდით მაღალ ფასს, ნუ მოსთხოვთ ღვინის კომპანიას მის გადახდას, ეს ნუ გახდება სალაპარაკო.

სახელმწიფო ღვინის კომპანიაც მომზადებულია თქვენი ყურძნის მისაღებად და ღვინის დასაყენებლად.. აქ ყველაზე რთულადაა საქმე, რადგან მევენახეების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ღვინის კომპანიაში ყველაზე დაბალი ხარისხის ყურძენი მიაქვს ჩასაბარებლად, მეტიც ამ ყურძენს მდინარის წყალს ასხავს წონის მოსამატებლად, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს! მევენახემ არ იცის, რომ რაც მეტ მდინარის წყალს დაასხავს ყურძენს, მით მეტი რაოდენობის ფულს ამოაცლის სახელმწიფო ერთი ჯიბიდან და ჩაუდებს მეორე ჯიბეში და მეტიც მადლობასაც ათქმევინებს, მაგრამ მევენახეს პრობლემა მოუგვარებელი დარჩება და მოტყუებულიც საბოლოოდ თვითონ იქნება ! ხომ არ ჯობდა ყურძნის მიყიდვის ნაცვლად საღვინე ჭურჭელი მოგვეთხოვა მთავრობისთვის?!

მევენახეებო კარგად იცით, რომ ყურძნის გამყიდველსა და მყიდველს შორის ძალიან ცუდ როლს ასრულებს ე.წ. „დამამზადებლის ინსტიტუტი“, რომელიც უფრო მეტად „სპეკულიანტია“, ვიდრე ყურძნის დამამზადებელი, ამიტომ აუცილებლად მოერიდეთ მათ ! ისინი თქვენ გეუბნებიან მეღვინეები მეტ ფულს არ იხდიანო, მეღვინეებს ეუბნებიან მევენახეები დაბალ ფასში არ იძლევიანო და მათ შორის სხვაობას თვითონ იდებენ ჯიბეში ! „პოლიტიკანების“ დარად ესენიც თქვენზე მანიპულირებენ და სარგებელს მხოლოდ ეს „ორი კასტა“ ნახულობს რთველზე smile ემოცია

მევენახეებო მეღვინეები არ არიან თქვენი მტრები, როცა ღვინის ბაზარი აქვთ ყურძენში მაღალი ფასის გადახდას არ ერიდებიან, ამის ნათელი მაგალითი წინა 2014 წლის რთველი იყო! ფასზე „წუწუნი“ ყოველთვის იყო მევენახე-მეღვინეს შორის, ეს ბუნებრივია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთმანეთის გარეშე მევენახეობა და მეღვინეობა არ იარსებებს !

მიმდინარე რთველი პრობლემების მიდგომის თვალსაზრისით წყალგამყოფი იქნება არსებულ მიდგომებსა და ახლებურ მიდგომებს შორის. არსებული მიდგომებით, სუბსიდირებით, სახელმწიფო ჩარევის სხვადასხვა მეთოდებით და ა.შ. თქვენი და დარგში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდა, დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი და პრობლემა პრობლემად დარჩა! მთავრობას პრობლემებიც მოემატა და უკვე ვეღარ პასუხსობს გამოწვევებს!

რთველის პროცესი აუცილებლად უნდა გავიდეს „პოლიტიკური დემაგოგიის სივრციდან“ და გადავიდეს ბიზნესის ჯანსაღ სივრცეში! ამ პროცესს ხელისუფლებამ თავად უნდა შეუწყოს ხელი, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას და კერძო სექტორს შორის კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდება!

თითოეული მევენახის ინტერესების დაცვისათვის მევენახეთა გაერთიანებების შექმნას ალტერნატივა არ გააჩნია! ეს გაერთიანებები სოფლების მიხედვით შეიქმნება თუ მევენახეობის მიკროზონების მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს, მევენახეები საკუთარი ინტერესების დასაცავად აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ ! მევენახეების გაერთიანება მეღვინეების გარეშე ვერ მოხდება! ეს ორი ჯგუფი ერთმანეთის პარტნიორია და ინტერესები ერთმანეთში უნდა დალაგდეს და ერთმანეთის გვერდში დგომით განვითარების გზას უნდა დავადგეთ !

კერძოს სექტორის მიერ უნდა მოხდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული პრობლემების კვალიფიციური ანალიზი, განისაზღვროს პრიორიტეტები, ჩამოყალიბდეს პროგრესული მიდგომები, კვალიფიციური მოთხოვნები და გონივრული ვალდებულებები მთავრობისთვის, მევენახისთვის, მეღვინისთვის, ლოჯისტიკური კომპანიებისთვის.. და ა.შ., რომ არსებულ „მარაზმს“ თავი სამუდამოდ დავაღწიოთ! მევენახეობის და მეღვინეობის დარგში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ფორმირებას ალტერნატივა არ აქვს!

სახელმწიფოს მიერ ყურძნის გადამუშავების პრაქტიკა სრულად უნდა აღმოიფხვრას დარგიდან, რადგან ვარდისფერი რეჟიმის დროს დანერგილი „საბჭოთა მეღვინეობის მოდელი“ ამ დარგის განვითარებას ყველაზე მეტად უშლის ხელს და ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში !

ადგილობრივ ღვინის ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გაყიდვები აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ამ თვალსაზრისით ხელისუფლებამ თავისი ფუნქცია უნდა შესარულოს! ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მევენახეების მიერ ღვინის წარმოების სტიმულირებას და ღვინოების გაყიდვების გაზრდას.

და ბოლოს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, უნდა ვეძიოთ, უნდა ვიმსჯელოთ და უნდა ვაკეთოთ, რომ შევქმნათ უკეთესი მომავლი, სხვა გზა არ გვაქვს ! დისკუსიების და ჯანსაღი კრიტიკის გზით განვავითაროთ ჩვენი საქმე და ქვეყანა !
უხვი მოსავალია და ნუ დამწუხრდებით smile ემოცია ბარაქა ჰქონოდეს თქვენ ვენახებს, მარნებსა და ოჯახებს !

დიდი სიყვარულით,
დავით თამარაშვილი
მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი