სტატიები

პროცესი ჭიანურდება _ ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?! (R)

ანგარიშში, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა, აღნიშნულია, რომ  “გონიოში, როგორც საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის, ასევე მისი გაუქმების მომენტში არაერთ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი”.

რამდენიმე უწყებაში “დაკარგულმა” საქმემ, დღემდე, მთავრობის ეკონომიკურ საბჭომდე ვერ მიაღწია. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და თუ საკითხი უახლოეს მომავალში არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

სადაო მიწების ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი, ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს. 

პრეისტორია

გონიოში მიწების ჩამორთმევა აჭარაში ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხად ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იქცა. ამ პერიოდში რეგიონში მიწის რეფორმა არ ჩატარდა და რეგიონის მოსახლეობამ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლა, რომ მიწა საკუთრებაში მიეღო.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობას შეპირდა, რომ მიწის რეფორმას დაასრულებდა. საქართველოს პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის ბოლომდე აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურსა და ქობულეთის რაიონებში მიწის რეფორმა უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე თავმჯდომარეობდა. კომისიამ საკადასტრო რუკები შექმნა, დაადგინა ზღვრული ნორმები და განისაზღვრა სარეფორმო ფონდი. საჭირო იყო მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც კონკრეტულ პირს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემოდა. ეს კი არ გაკეთდა, რისი ოფიციალური მიზეზიც დღემდე უცნობია.

2007 წლის დასაწყისში, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში შეესწავლა იმ პირების საკუთრების უფლება, რომლებმაც გამონაკლისის სახით ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმით მიიღეს საკუთრება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გონიოსა და მახინჯაურის თემებში ასობით გლეხს საკუთრება ჩამოერთვა. კომისიის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

ამავე წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა – რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნების წინ კი, პრეზიდენტის 2007 წლის 25 სექტემბრის #525-ე ბრძანებულება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კერძო თუ იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადაეცემოდათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამ  წესით აჭარაში ათასობით ოჯახმა ისარგებლა, მათ შორის, გონიოს მოსახლეობამაც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 13 დეკემბერს, გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად მივიდა და საზეიმო ვითარებაში გადასცა კიდეც მიწის საკუთრების უფლების მოწმობა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის საჩუქარი იყო. გონიოს მოსახლეობა დღესაც ფიქრობს, რომ ეს “საჩუქარი” არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ მიიღეს.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა _ ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გონიო ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. მანამდე ჯერ ასამდე ოჯახს, შემდეგ კი, 2010 წლის 9 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ  271 ოჯახს ერთდროულად ჩამოართვა მიწაზე საკუთრების უფლება.

მას შემდეგ გონიოელებსა და სახელმწიფოს შორის დავები სასამართლო ინსტანციებში გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად იდენტური შედეგით დასრულდა – გონიოელებმა მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.

 

არსებული ვითარება

2014 წლის 1 სექტემბერს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ განმცხადებლები კატეგორიებად დაყო. განისაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რა რაოდენობის ფართს განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელი ნაკვეთია არქეოლოგიური დაცვის ზონაში, ასევე, რომელია კერძო საკუთრება და ვის გაუუქმა წინა ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება.

კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე მაშინ აცხადებდა, რომ,  დიდი ალბათობით, მიწები ადგილობრივებს კერძო საკუთრებაში გადაეცემოდათ.

დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიას გადაეგზავნა, რომელსაც თითოეული დაზარალებულის განაცხადი ინდივიდუალურად უნდა შეესწავლა. კომისიამ 2014 წლის 17 ნოემბერს ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არცერთი განაცხადი შესწავლილი არ არის.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მიწის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოში სულ 476 განაცხადია შესული. აქედან 271 ოჯახია ისეთი, რომლებსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ დაუკანონა და შემდეგ გაუუქმა საკუთრების უფლება, დანარჩენებმა კი მიწის საკუთრებაზე პრეტენზიით კომისიას მოგვიანებით მიმართეს.

ერთ-ერთი დაზარალებული ენვერ ირემაძე ამბობს, რომ მან მიწის აღიარების კომისიას განცხადებით მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

“მაისში მივმართე განცხადებით საკრებულოს, წარვუდგინე  ჩემს ხელთ არსებული ყველა საბუთი და ვთხოვე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას პირველად ჩემი საქმე განეხილათ, თუმცა, პასუხი არ მომსვლია. მეორედ მიმართვის შემდეგ მომცეს ცნობა, რომ ჩემი განცხადება ჯერ განხილული არ იყო. საკრებულოს სხვა დაზარალებულმა პირებმაც მიმართეს. მათი მიმართვიდან ერთთვიანი ვადა გასული არ არის.

ამის შემდეგ, მივმართე სასამართლოს, რომ  დაევალდებულებინა საკრებულო ჩემი საკითხი განეხილა.  სარჩელი სასამართლოში 8 აგვისტოს შევიტანე. 10  სექტემბერს განხილვის ვადა იწურება. თუ პასუხს ახლაც ვერ მივიღებთ, შესაძლოა, მშვიდობიანი აქციები ისევ დავიწყოთ. მთავარია, სასამართლო ჩატარდეს და საკითხი განიხილოს, მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მიწა დამიბრუნონ”, _ ამბობს ირემაძე და დასძენს, რომ ცოტა ხნის წინ, 150 პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებები პრემიერ ღარიბაშვილს და სახალხო დამცველსაც გადაუგზავნეს.

ირემაძე ამბობს, რომ მისი ვარაუდით, ძველი ხელისუფლებიდან დარჩენილი პირები არ აძლევენ კომისიას საშუალებას საკითხი ინდივიდუალურად განიხილოს:

“არ აწყობთ, რომ მიწა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუბრუნდეთ. დანარჩენები არიან ძველი “მაფიოზები”, ყოფილი თანამდებობის პირები, ასლან აბაშიძის მომხრეები, “ნაციონალური მოძრაობის”  მხარდამჭერები და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ ყველას ერთად უნდა დაუბრუნდეთ საკუთრება და ინდივიდუალური განხილვა არ უნდა მოხდეს. ზოგიერთ საქმეზე ხუთი მოწმობაა გაცემული, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს, ამიტომ ვითხოვთ ინდივიდუალურ განხილვას. თუ არ მეკუთვნის, ნუ მომცემენ, ოღონდ განიხილონ. იქ არის გარკვეული ნაწილი მიწის ნაკვეთებისა, რომლის ფასიც უფრო მაღალია და უნდათ ხელში ჩაიგდონ და ფული აკეთონ. ასეთი დაახლოებით 15 ჰექტარია”, _ ამბობს ირემაძე.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ მოახერხა ერთი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ საქმეების განხილვა, კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

კომისიის იურისტი ბაკურ ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს:

“იქნებ, ბატონ ლევან კინწურაშვილს დაუკავშირდეთ, მაგ საკითხზე მე ინფორმაციას არ ვფლობ”, _ განაცხადა ბოლქვაძემ.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ პროცესის გაჭიანურება გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს აჩენს:

შარშან სექტემბერში, სამთავრობო კომისიამ დასკვნა ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას გადასცა, რის შემდეგაც  საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ  განიხილონ მოქალაქეების განცხადებები, თუმცა პროცესი ძალიან ჭიანურდება. მთავრობა ამბობს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო მათი შემოთავაზებული წინადადება, რაც თითო ოჯახისთვის  500 კვმ-ის ფართობის მიწის გადაცემას ითვალისწინებდა, ოღონდ არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ხალხი ფლობს მიწებს, არამედ სხვაგან. ეს წინადადება ჯერ კიდევ 2014 წლის ზამთარში მიიღეს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ ჰპირდებიან მოსახლეობას, რომ ამ საკითხს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში განიხილავენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა, ჯერჯერობით, საკითხი არც საბჭოში განუხილავთ. ამ პროცესებიდან ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ არა საკითხის მოგვარების”, _ ამბობს ბაკურიძე.

რაც შეეხება მიწის აღიარების კომისიის წევრების მოსახლეობასთან კონტაქტს, ბაკურიძე ამბობს, რომ კომისიის ხელმძღვანელი ლევან კინწურაშვილი ამ დროის განმავლობაში დაზარალებულებს მხოლოდ ერთხელ შეხვდა:

“ძალიან რთულია მაგ პიროვნებასთან დაკავშირება. მხოლოდ ერთხელ შეხვდა მოსახლეობას, როცა მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დააპირეს. თუმცა შეხვედრას აზრი არც აქვს, რადგან საკითხი  თბილისში წყდება და არა ბათუმში. აქ, უბრალოდ, მიზეზებს ეძებენ, რომ  როგორმე გააჭიანურონ პროცესი. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ეს ტერიტორიები ძალიან ძვირფასია; ამიტომ, გადაწყვეტილი აქვთ, რომ გაყიდონ ან ინვესტიციები ჩაადებინონ უცხოელებს. გლეხებს  კი, 500-500 კვმ. სადღაც დაკარგულში გადაუგდონ. ამიტომ ჭიანურდება ეს პროცესი, ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან”, _ ამბობს ბაკურიძე.

მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში კი აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში გონიოს მიწების საკითხი აუცილებლად განიხილება.

“სექტემბერში, სხდომების განახლების შემდეგ, აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა”, _ აღნიშნავენ ეკონომიკურ საბჭოში.

დაუბრუნდება თუ არა გონიოს მოსახლეობას კერძო საკუთრებაში რამდენჯერმე გადაცემული და შემდეგ წართმეული მიწები, კვლავ გაურკვეველია. საქმე არც სტრასბურგის სასამართლოს განუხილავს, სადაც სარჩელი უკვე სამ წელზე მეტია წარმოებაშია მიღებული.

 

მასალა მომზადებულია პროექტის _ “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” _ ფარგლებში.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება _ საქართველო”.

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.