ახალი ამბები

მევენახეებს ზარალი არ აუნაზღაურდებათ

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ვერც სახელმწიფო აუნაზღაურებს მევენახეებს ზარალს. ,,ზარალს დაზღვევა აანაზღაურებს, ჩვენ ამიტომ შემოვიღეთ დაზღვევა. სახელმწიფომ ყოველწლიურ ბიუჯეტში აგროდაზღვევისთვის გაითვალისწინა 10 მილიონი ლარი, რომლის მნიშვნელოვანი წილი სუბსიდირებას ხმარდება. იმის მიუხედავად, ადამიანი დააზღვევს თუ არა მოსავალს, მაინც მიიღებს კომპენსაციას, დაზღვევას რა აზრი აქვს? მაშინ რატომ ვიხდით ამდენ ფულს? რატომ ვიხდით წელიწადში 10 მილიონს? და რატომ ვაყენებთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას? ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, ვისაც არ დაუზღვევია მოსავალი, დროულად დააზღვიოს. ჩვენ 60%-მდე ვასუბსიდირებთ დაზღვევას. ამას ვაკეთებთ ხალხისთვის და უნდა გამოიყენოს თითოეულმა მოქალაქემ, თორემ სადაზღვევო სისტემის და დაზღვეულების დისკრედიტაცია მოხდება. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შევუწყობთ“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შეგანსენებთ, რომ კახეთში სტიქიის შედეგად, დასეტყვილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, დამტვრეულია მანქანები და განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ქარიშხალმა სოფლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები. ჩახერგილია თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთი. კახეთში, სეტყვის შედეგად, დაახლოებით, 2400 ჰექტარი ვაზი განადგურდა. დაზღვეული ფართობი მხოლოდ 700 ჰექტარს შეადგენს.