სეტყვამ ყვარელში ყურძნის მოსავალი 90-100%-ით გაანადგურა და მანქანები დაამტვრია
სტიქიამ 2300 ჰექტარი ვენახი დააზიანა და ყურძენი 100%-ით გაანადგურა ყვარელსა და ქინძმარაულის მიკროზონაში მოქცეულ სამი სოფელში, სანავარდოში, შილდასა და ენისელში. „ზარალის დათვლა ამჟამადაც გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, 2300 ჰექტარი ვენახია დაზიანებული. შილდა და ყვარელი 100%-ითაა განადგურებული. შეიძლება ითქვას, რომ აღარაფერი აღარაა დარჩენილი. სანავორდოში და ენისელში ასევე სავალალო მდგომარეობაა. სეტყვამ სერიოზულად დააზარალა სოფლები გრემი, წიწკანაანთსერი, კუჭატანი და ჭიკაანი“, – განუცხადა Knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ოთარ ბუჯიაშვილმა.
მისივე განმარტებით, დასეტყვილი მოსავლის 30% დაზღვეულია და სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებენ. ბუჯიაშვილის თქმით, მოსახლეობა, რომელსაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, კომპენსაციას ვერ მიიღებს, რადგან ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.
სეტყვამ და ქარიშხალმა ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. სტიქიამ პანკისის ხეობის სოფლებში ჯოყოლოსა და დუისში საკარმიდამო ნაკვეთები და ბაღები სერიოზულად დააზიანა. თუშეთისკენ მიმავალი ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე 27-ე და 52-ე კილომეტრზე არსებული ღვარცოფის და 48-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო კი გზა ჩახერგა, რის გამოც ახმეტის რაიონის მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი რუაძის განცხადებით, თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში, 16 ავტომანქანაა გაჩერებული. ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, ორ დღეში გაიხსნება.