თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე 16 მანქანაა გაჩერებული
საგანგებო სიტუაციების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი რუაძის განცხადებით, მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ. „თუ წვიმამ არ შეგვიშალა ხელი, ვვარაუდობთ, რომ გზა დღის ბოლომდე გაიხსნება, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. თორღვას აბანომდე 16 მანქანაა გაჩერებული“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი რუაძემ.
გუშინ გვიან ღამით ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე 27-ე და 52-ე კილომეტრზე არსებული ღვარცოფის და 48-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო გზა ჩახერგა, რის გამოც ახმეტის რაიონის მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა. ამ დრომდე თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა სატელეფონო ანძებიც, რის გამოც თუშეთის სოფლებთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც გაწმენდითი სამუშოების დასრულებისთანავე ჩაერთვება პროცესში და შეისწავლის ვითარებას.
ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დასეტყვილია და ვენახები განადგურებულია. სტიქიამ საზამთროს ბაღებიც დააზიანა. ქარიშხალმა სოფლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები.