სოფელ ვარდისუბანთან ნარჩენების საყრელი ტერიტორია მოწესრიგდება
სამუშაოების საერთო ღირებულება – 1 580 210,57 ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჯუანშერ ბურჭულაძეს თქმით, არსებული ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდა.
მისივე განმარტებით, ნაგავსაყრელის აღდგენა-დასუფთავების შემდეგ, ეკოლოგიური პრობლემა აღმოიფხვრება და მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქრება.
,,აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ფარგლებში, მოხდა 2-კმ მონაკვეთის ტერიტორიის გასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან, კერძოდ, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 65- კმ 67 მონაკვეთზე, ასევე, მდინარე მაწანწარასხევის კალაპოტი გაიწმინდა ნატანისგან. ამასთან, მდინარე მაწანწარასხევის მხრიდან მოეწყო ნაპირსამაგრი, კერძოდ, დამცავი გაბიონები და ქვაყრილი. გაბიონებსა და საავტომობილო გზას შორის კი იგეგმება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება”,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს. დარჩიაშვილის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.