შსს-მ კახეთში უკანონო იარაღი ამოიღო
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კახა ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის რაიონის სოფელ ართანაში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კახა ჯ-მ, გვიან ღამით, არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში რამდენიმეჯერ გაისროლა. გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის “ა-კა-74”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 12 მასრა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.