ახალი ამბები

მარტოხელა პენსიოერები შეჩერებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ

„29 აგვისტოდან დაიწყება იმ თანხების გაცემა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად აღუდგებათ მარტოხელა პენსიონერებს. ჩვენ მიერ შესწავლილია ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის საჭიროება. მინდა განვმარტო, რომ სახელმწიფო ეხმარება მხოლოდ ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებისათვის მიმართა 1 600 000-ზე მეტმა ადამიანმა. ცხადია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველას ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. ამისათვის არსებობს კომპენსაციის სხვა მექანიზმები“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 
ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და UNICEF-ის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი თინა ბაუმი. ხუნდაძემ განმარტა, რომ ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსალოდნელი შეწყვეტისა და სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების შეჩერების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო მზად არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაზრდილი ფინანსური საჭიროება დააკმაყოფილოს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური დახმარება ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს.