თავდაცვის სამინისტრო სკოლებში სამხედრო სწავლების შემოღების ინიციატივით გამოდის
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძეს განცხადებით, მოსწავლეებისათვის სამხედრო სწავლება აუცილებელია, რადგან ძალიან ხშირად საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში გამორჩენილია მნიშვნელოვანი ამბები ქართველი გმირების შესახებ.
“ისტორიის სახელმძღვანელოებში გამორჩენილია მნიშვნელოვანი ამბები. მაგალითად იქ არ წერია 2008 წელს დაღუპული პირების, რომლებმაც გამოავლინეს გმირობა, მაგალითად გიორგი ანწუხელიძის შესახებ. ჩვენი ინიციატივა იყო ისტორიის სახელმძღვანელოებში, უფრო დაზუსტებულიყო მათი გმირობის ისტორია. მე მგონი უდავოა, რომ საჭიროა, ჩვენს მომავალ თაობებს ვასწავლოთ ის განსაკუთრებული ზნეობრივი საქციელი, რომელიც ამ პირებმა ჩაიდინეს. მაგრამ ამის გარდა ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო როგორც არჩევითი საგანი, მაგალითად სამხედრო და თავდაცვის ისტორია. ეს იქნებოდა საგანი, სადაც საკუთარი სურვილით სტუდენტები, მოსწავლეები აირჩევდნენ, ესწავლათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის განვითარების ისტორია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.