ანომალია კახეთში – სოფელ სანავარდოში რვაფეხა გოჭი დაიბადა
გაზეთ “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, სოფელ სანავარდოში ყრუაშვილების ოჯახში რვაფეხა გოჭი დაიბადა. ოჯახის უფროსი იხსენებს, რომ გოჭი დაბადებისას უკვე მკვდარი იყო. ბაგრატ ყრუაშვილი ამბობს, რომ გოჭს ორი ტანი, რვა ფეხი, ერთი თავი და სამი ყური ჰქონდა.
,,ყოველთვის ბევრი საქონელი მყავდა. ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირუტყვი გავყიდე და მხოლოდ ერთი დედალი ღორი დავიტოვე. 18 გოჭი დაყარა, აქედან 8 – მკვდარი. ერთ-ერთი გოჭი უცნაური ფორმის დაიბადა. მას ორი ტანი ჰქონდა და სასქესო ორგანო ორივე ტანზე ჰქონდა, მამრი იყო. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გოჭი მკვდარი დაიბადა. მაშინვე ჰერმეტულად დაცულ არყიან ჭურჭელში მოვათავსე. სოფელში არავინ იჯერებდა, მოდიოდნენ და ნახულობდნენ. აქამდე მსგავსი რამ არავის უნახავს. უკვე ვესაუბრე მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს. მზად ვარ, გოჭი მათ გადავცე, რათა შეისწავლონ”,- განაცხადა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” საუბრისას ბაგრატ ყრუაშვილმა.
ბოლო დროს კახეთში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა. დაახლოებით სამი წლის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ექვსფეხიანი ბატკანი დაიბადა. მელაანში კახელი ფერმერი ზრდის ხუთფეხა ხბოს, რომელსაც მეხუთე კიდური კისრის არეში აქვს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ელენე აბზიანიძის განცხადებით, ანომალიურ მოვლენებს სხვადასხვა გარე ფაქტორი განაპირობებს.
“ანომალიური შემთხვევები არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში გახშირდა. ამის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს რადიაცია, საკვები, ინფექცია და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო და სხვა”,– განაცხადა ელენე აბზიანიძემ.