ოზურგეთი თელაველი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს
თელაველ მხატვრებს პირველად მასპინძლობს ოზურგეთი. წარმოდგენილია ბეჟან ბოტკოველის და ზურაბ გიკაშვილის ფერწერული და ზაქარია ფირცხელაურის გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენის გახსნაზე ოზურგეთელებმა იხილეს თელავის ახალი ხედები, განსხვავებული ფერები და საქართველოს უძველესი კუთხიდან ჩამოტანილი სითბო და სიყვარული.
ბეჟან ბოტკოველის ფერწერულ ნამუშევრებში მნახველთა განსაკუთრებული მოწონება იმსახურებს: „ჯვრის მონასტერი,“ „სიღნაღი,“„ძველი თბილისი,“„თუშეთი,“ „უშგული,“ (ტილო, ზეთი); „ნაკადული,“ (მუყაო, ზეთი); ზაქარია ფირცხელაურის „განჯალების წყარო,“ „ალავერდის აივანი,“ „მთაწმინდა,“ (ქაღალდი, ტუში); ზურაბ გავაშელაშვილის „პეიზაჟი,“ „თელავის ბაღი,“ და ა.შ.
გახსნის ცერემონიალზე სიტყვებით გამოვიდნენ ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძე, სახვითი ხელოვნების ცენტრ-სურათების გალერეის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ვასილ ჩიგოგიძე, მხატვარი ბეჟან ბოტკოველი.
გამოფენის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ბეჟან ბოტკოველმა გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა:
,,ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გაცვლითი ღონისძიებანი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ოზურგეთი გვმასპინძლობს. მე და ავთანდილ თავართქილაძე სამხატვრო აკადემიაში ერთ პერიოდში ვწავლობდით. ვიცი არაერთი ოზურგეთელი ხელოვანი, რომელთაც წარმატებული გამოფენები ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იმედი მაქვს საპასუხო გამოფენა თელავში შემოდგომაზე”.
ოზურგეთელ მხატვრებს გამოფენები უკვე ქონდათ თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში. ოზურგეთსაც სტუმრობდნენ თბილისელი, ბათუმელი, ქუთაისელი მხატვრები.