ახალი ამბები

კახეთში ჯილეხის ვაქცინაცია მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარდენახსა და ჯიმითში 809 სული ცხოველი უკვე აიცრა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 706 სული საქონელს იმუნიზაცია ჩაუტარდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს იორის საძოვრებში კი 96 სული ცხოველია ვაქცინირებული. 
უწყებაში აცხადებენ, რომ წელს კახეთის რეგიონში საქონლის ჯილეხით დაავდების 7 შემთხვევა ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადასტურდა.
დაავადების კერებში ვეტერინარულ – სანიტარული წესების დაცვით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და გამოცხადდა კარანტინი, რაც მეცხოველეობის პროდუქტების რეალიზაციის და ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ უწყების ადგილობრივი სამმართველოს სპეციალისტებს.
“დაცემული საქონლის თვითნებურად დაკვლა დაუშვებელია. ხორცის რეალიზატორებისთვის კი დაუშვებელია სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული საქონლის რეალიზაცია, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა “ფორმა-2″ არ გააჩნია”, – განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.