ახალი ამბები

თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დაიწყო

სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს. ილია დარჩიაშვილის თქმით, ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი ბატონის ციხის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. 
,,სამუშაოები რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,573,000 ლარია. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა.
ბატონის სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში, მშენებლობის დროს არ იყო გამოყენებული შესაბამისი საშენი მასალები და არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. სწორედ ამიტომ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა არსებული პროექტის კორექტირება, რათა სრულად იქნას დაცული ყველა შესაბამისი სტანდარტი და არ დაირღვეს ძეგლის იერსახე”,– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.