ანაკლიაში, GEM fest-ზე დასასწრები ვიზა საჩუქრად ახმეტელმა აბიტურიენტმა მიიღო
სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის, ნოდარ თათვიძის განცხადებით, ჩატარებული კონკურსის ფარგლებში აბიტურიენტების მიერ გადაგზავნილი მონაცემების მიხედვით, თამარ გელდიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგად უნარებში ყველაზე მაღალი 78 ქულა დააფიქსირა. ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა კი 80-ია.
”კონკურსის ფარგლებში აბიტურიენტებს შევთავაზეთ ზოგად უნარებში მიღებული ქულები მოეწერათ. მოწერილი ქულებიდან აირჩეოდა ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი, რომელსაც GEM fest-ზე დასასწრებ ვიზას გადავცემდით საჩუქრად. ჩვენ მიერ ჩატარებული კონკურსის ფარგლებში უმაღლესი ქულის დაფიქსირება შეძლო თამარ გელდიაშვილმა, რომელსაც ვიზა გადაეცა საჩუქრად”, – განუცხადა knews.ge-ს ნოდარ თათვიძემ.
თამარ გელდიაშვილმა ახმეტის რაიონის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა დაამთავრა. მას სურს სწავლა გააგრძელოს თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე.
“გახარებული ვარ ჩემი მიერ მიღებული შედეგით. 12 წლის შრომა მარტო ამად ღირდა. მინდა გითხრათ, რომ ასეთ შედეგს ველოდი. სკოლაში ძალიან კარგი ცოდნა მივიღე. კომპეტენტური მასწავლებლები მყავდა. თან ტექნიკური საგნები და ლიგიკური ამოცანები ყოველთვის მიყვარდა”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ გელდიაშვილმა.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ კონკურსი ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების პასუხების გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადა და ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტისთვის, რომელსაც 18 წელი უკვე შეუსრულდა, საჩუქარი – GEM fest-ზე დასასწრები ვიზა დააანონსა. ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით კი მაქსიამლური 80 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა, დავით სოსელიამ მიიღო.