ახალი ამბები

ავტომანქანას, რომელმაც 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა, ევროკავშირის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი მართავდა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ წარმომადგენლობა სრულად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან.
“საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და მისი თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმ მოზარდის დაღუპვის გამო, რომელიც ამ ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა და უსამძიმრებენ მის ოჯახს. მოზარდს წარმოშობით პოლონელი, ევროკავშირის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი დაეჯახა. ამასთან, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და გამოძიებასთან თანამშრომლობს”,– ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
knews.ge-ს სოფელ თეთრწყლებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, მინდია ქიბიშაურმა განუცხადა, რომ 15 წლის უშიშა ყორიაულს ავტომობილი გაზგასამართ სადგურთან მაშინ დაეჯახა, როდესაც თბილისიდან ხევსურეთში დასასვენებლად სამარშრუტო ტაქსით მიდიოდა. 
,,უშიშა ყოლიაური თბილისიდან ხევსურეთში მიდიოდა. როდესაც მძღოლმა სამარშრუტო ტაქსი მცხეთაში გაზგასამართ სადგურზე შეაჩერა, მგზავრები ჩამოვიდნენ ტაქსიდან და უშიშაც მათთან ერთად მოშორებით, გზის პირას იდგა. სწორედ ამ დროს მას მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა”,– განუცხადა knews.ge-ს მინდია ქიბიშაურმა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.