ავტოავარიას სოფელ თეთრიწყლების მკვიდრი მეათე კლასელი ბიჭი ემსხვერპლა
knews.ge-ს სოფელ თეთრწყლებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, მინდია ქიბიშაურმა განუცხადა, რომ ახალგაზრდა თბილისიდან ხევსურეთში მიდიოდა სამარშრუტო ტაქსით, რომლის დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მისივე განცხადებით, გარდაცვლილი მოზარდი უკვე საკუთარ სახლში გადაასვენეს.
,,ჩემი ინფორმაციით, უშიშა ყოლიაური თბილისიდან ხევსურეთში მიდიოდა. როდესაც მძღოლმა სამარშრუტო ტაქსი მცხეთაში გაზგასამართ სადგურზე შეაჩერა, მგზავრები ჩამოვიდნენ ტაქსიდან და უშიშაც მათთან ერთად მოშორებით, გზის პირას იდგა. სწორედ ამ დროს მას მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა”,– განუცხადა knews.ge-ს მინდია ქიბიშაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარატავენ, რომ საქმეს საპატრულო პოლიციის მცხეთის რაიონული სამმართველო იძიებს.