ახალი ამბები

ენერგო პროს” მიერ „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” შეძენის პროცესი შეჩერებულია

ინფორმაცია, რომ „კახეთის ენერგოდისტრიბუციას” „ენერგო პრო” ყიდულობდა, რამდენიმე თვის წინ ბიზნესასოციაციისა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
2009 წლის იანვრიდან ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას” ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი” ფლობდა. ინვესტორს კომპანია ჩამოართვეს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ გაკოტრების საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა. კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა” და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” მიმართეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება ჰქონდა. 2011 წლის ოქტომბერში, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მომრიგებელმა საბჭომ კომპანიის გაკოტრების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ლიტვურმა ინვესტორმა, კომპანია „გრუპპა ახემამ” საინვესტიციო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ვალების დაგროვება დაიწყო. ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებდა, რომ „კახეთის ენერგოდისტრიბუცია” მალე გაიყიდებოდა, თუმცა ხეთაგურის პროგნოზი არ გამართლდა. კომპანია დღემდე გაკოტრების რეჟიმშია.
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია” ელექტროენერგიას მთელს რეგიონს აწვდის. ინფორმაციას რადიო „კომერსანტი” ავრცელებს.